06 ოქტომბერი 2024,   23:26
ვრცლად
მთიანი ყარაბაღის აეროპორტთან ასობით ეთნიკური სომეხი რჩება - ისინი სომხეთის მხარეს გადასვლას ცდილობენ

ასობით ეთნიკური სომეხი რჩება მთიანი ყარაბაღის აეროპორტთან. მას შემდეგ, რაც სეპარატისტული ძალები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, ყარაბაღის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ რუსულ სამშვიდობო ბაზასთან, ძირითადად, ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად, იმ იმედით, რომ სომხურ მხარეს შეძლებდნენ გადასვლას. თუმცა, მათი მცდელობა ჯერ უშედეგოა. სწორედ ყარაბაღში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებაზე ამახვილებენ ყურადღებას მსოფლიო ლიდერები.

აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება. ბაქოს დაპირების არ სჯერა ერევანს, სადაც ახლა შიდა კრიზისიც აქვთ. სომხეთის დედაქალაქში უკვე მეექვსე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის გადადგომას გამოითხოვენ. ნიკოლ ფაშინიანი კი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი განცხადებით, აზერბაიჯანის მიერ ჩატარებულმა ანტიტერორისტულმა ღონისძიებებმა დასახულ მიზნებს მიაღწია, თუმცა ის იმედოვნებს, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამყარდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები.

"აზერბაიჯანის მიერ ჩატარებულმა ანტიტერორისტულმა ღონისძიებებმა დასახულ მიზნებს მიაღწია. სომხეთი და მისი დაქვემდებარებული არალეგალური რეჟიმი იძულებული გახდნენ, დათანხმებულიყვნენ განიარაღებაზე, დაეშალათ ყველა უკანონო სტრუქტურა და დაეტოვებინათ აზერბაიჯანი. მიზეზი იმისა, რომ ეს არ მოხდა მშვიდობიანად, მდგომარეობს სომხეთის მხრიდან თავხედურ უგულებელყოფაში და ჩართული მესამე მხარის, ფასილიტატორების მხრიდან ადეკვატური ქმედებების არარსებობაში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამყარდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები", - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.

როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარად მირზოიანი აღნიშნავს, "აზერბაიჯანის განმეორებითი აგრესია და მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ტაქტიკა, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას მნიშვნელოვნად არღვევს".

"სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის განმეორებითი აგრესია და მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ტაქტიკა მნიშვნელოვნად არღვევს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სამართალს, წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხებისთვის. ჩემმა მთავრობამ, რომელსაც აქვს გულწრფელი რწმენა და მისწრაფება მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ ჩვენს რეგიონში, ამ მიზნით მნიშვნელოვანი და სათანადო ძალისხმევა გაიღო. აზერბაიჯანის არაადამიანური თავდასხმის დროს მთიანი ყარაბაღის ქალაქები და დასახლებები ინტენსიურად იბომბებოდა.მთიან ყარაბაღელებს უბრალოდ თავის მიწაზე მშვიდად ცხოვრება სურთ და არა ომი", - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, "მოვიდა დრო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში ნდობის საკითხი აღდგეს და მოსკოვის ჯარები მზად არიან, ამაში დაეხმარონ".

"ევროკავშირი ცდილობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლობას და ვაშინგტონთან ერთად სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაცია მოაქვს. ახლა, როდესაც ერევნისა და ბაქოს ლიდერებმა გადაწყვიტეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტის ურთიერთაღიარების საკითხი, დადგა დრო მშვიდობიანი ცხოვრების, მისი დამკვიდრებისა, ნდობის განმტკიცებისა. რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი ამას ყოველმხრივ ხელს შეუწყობს. მოვიდა დრო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში ნდობის საკითხი აღდგეს და მოსკოვის ჯარები მზად არიან, ამაში დაეხმარონ", - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

დღის ამბები