სალომე ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ შეუწყვეტს. ორდღიანი დუმილი პრეზიდენტმა უარით დაარღვია.
ამ გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა და პირობა დადო, რომ იუსტიციის სამინისტროდან ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას ელოდებოდა, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა, თუმცა პირობა, პირობად დარჩა.
ყველაფერი ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებით დაიწყო. ყოფილი მაღალჩინოსანი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვა და სხვა ქვეყნის 150-ზე მეტ პირთან ერთად სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ფინანსურ სანქციებს საქართველოს საბანკო სექტორი ომის დაწყებისთანავე იცავდა და იცავს, თუმცა ეროვნულ ბანკში გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მათი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის კონსტიტუციას დაჰყრდნობოდა და აღსრულების მექანიზმი დაეკორექტირებინათ. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს საფინანსო სანქცია მხოლოდ მას შემდეგ შეეხება, რაც მას დამნაშავედ ქართული მართლმსაჯულება ცნობს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილების შეტანას, სების სამი ვიცე პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა. რამდენიმეს, წლის ბოლოს უფლებამოსილება ისედაც ეწურებოდა. შესაბამისად, პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურები, ეროვნული ბანკის წევრებად დაამტკიცა. დამტკიცებამდე სალომე ზურაბიშვილმა მათი გამოთხოვა მოითხოვა, თუმცა ამას კანონი არ ითვალისწინებს. პრეზიდენტი მის მიერ წარდგენილ ნათია თურნავას გაემიჯნა და მისი გადადგომა საჯაროდ მოითხოვა.
ეროვნულ ბანკზე, სანქციებსა და კონსტიტუციაზე მსჯელობა პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს გასცდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სახელისუფლებო გუნდმა ოპონენტებს შეახსენეს, რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს კონსტიტუცია იცავს. ქვეყნის უზენაესი კანონი კი საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაშია. უთხრეს ისიც რომ კონსტიტუცია უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვასაც, გულისხმობს და ყველა სწორედ კონსტიტუციის შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. ოპოზიციის რეალური ზრახვა - ქვეყნის საფინანსო სისტემის საბოტაჟი- მმართველი გუნდის თქმით, ვერ შედგა.
ეროვნული ბანკს საბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს და მის ფუნქციონირებას საფრთხე აღარ ემუქრება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ქართული საბანკო სისტემა საერთაშორისო სანქციების დარღვევას არ აპირებს.
ავტორი: იზი ბურნაძე