გლდანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ურთიერთბრალდებები ამ დრომდე გრძელდება. ინციდენტის პირველივე დღიდანვე, სწორედ ე.წ. კანონიერ ქურდსა და "ქართული ოცნების" წევრ, კონსტანტინე ზარნაძეს შორის კავშირზე აკეთებენ აქცენტს ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა როგორც "პრაიმტაიმმა" დაწერა, ნოდარ შუკაკიძეს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს თავად ირაკლი ეძგვერაძესთან, გავრცელდა შესაბამისი ფოტოებიც.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობითვე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი წარსულში ნასამართლევია, მათ შორის, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.
მმართველი გუნდის მტკიცებით, გლდანში მომხდარ დაპირისპირებას პოლიტიკურ ვითარებასთან კავშირი არ აქვს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, გამოძიებაზე სრული პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება.
"ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თუ რა რეაგირება ექნება გომელაურის უწყებას, იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდება. ყველაფერი ხელთ აქვთ, ნუ ელოდება ნურავის ჩვენებებს და მასკარადს. 112-ის კამერაც არის, აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ, თუნდაც თუ ეჭვი ეპარებათ რაოდენობაში, დათვალონ და მერე ნახონ ვინ არიან, როგორ არიან, ვინ ბანდები დათარეშობენ დღისით, მზისით", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძეს კავშირი აქვს კრიმინალურ სამყაროსთან და რეალურად თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.
"მნიშნელოვანია, რომ ის სამართლებრივი რეაგირება, რომელიც ხორციელდება ამ ინციდენტთან დაკავშირებით იყოს ბოლომდე მიყვანილი, რა თქმა უნდა, ამას გამოძიება აჩვენებს, ასევე საკითხს შეისწავლის ყველა შესაბამისი უწყება, თუკი დამატებითი პირის პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ამ მხრივ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ეს ადამიანი კრიმინალურ სამყაროსთან კავშირებს არასდროს არ მალავდა, გავრცელდა კიდეც ფოტოები, სადაც ის სხვადასხვა ავტორიტეტებთან ერთად არის ფოტოებზე წარმოდგენილი, თვითონაც რომ კითხოთ, ამას არ დამალავს, შესაბამისად, ვეღარ ამბობს იმას, რომ რაიმე პოლიტიკური ნიშნით მოხდა დანაშაული", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.