20 სექტემბერი 2024,   05:10
ვრცლად
კორუფციული სკანდალი აშშ-ის სენატში - ქრთამის აღებაში ბრალდებული გავლენიანი სენატორი ბობ მენენდეზი საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას არ აპირებს

სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ხელმძღვანელი და კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი წევრი უარს ამბობს დატოვოს საკანონმდებლო ორგანო, იმის მიუხედავად, რომ მას წასვლისკენ კოლეგებმა და ნიუ ჯერსის დემოკრატმა გუბერნატორმაც კი მოუწოდეს. ბობ მენენდეზი, რომელსაც პროკურორებმა ბრალი ქრთამის აღებასთან დაკავშირებით წარუდგინეს, დარწმუნებულია, რომ თავის გამართლებას და რეაბილიტაციას შეძლებს.

მენენდეზის და მისი მეუღლის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი, ეგვიპტის მთავრობის ინტერესების სასარგებლოდ გავლენების გამოყენებას და სანაცვლოდ ასობით ათასი დოლარის ქრთამის აღებას ეხება. საქმის დეტალების მიხედვით საუბარია 3 ბიზნესმენზე გამოძიების პროცესში, მენენდეზის ჩარევაზე, საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებასა და სხვა ნაბიჯებზე, ეგვიპტელების სასარგებლოდ. პროკურორები სენატორისთვის აქტივების ჩამორთმევას ითხოვენ. მათ შორის არის სახლი, 2019 წლის გამოშვების მერსედესი, ოქროს ზოდები და ნაღდი ფული.

მენენდეზს უმნიშვნელოვანესი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტიდან დროებით წასვლა მაინც მოუხდა. სენატის წესები მოითხოვს, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულმა წევრმა ხელმძღვანელი თანამდებობა დატოვოს და უკან მობრუნდეს, თუ მას ბრალს ვერ დაუმტკიცებენ.

ბობ მენენდეზი, მისი მეუღლე და საქმეში მონაწილე ნიუ ჯერსელი ბიზნესმენი მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ხვალ უნდა მივიდნენ. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მენენდეზი ფედერალური გამოძიების სამიზნე ხდება. თუმცა აქამდე, გავლენიანი ვეტერანი სენატორისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

დღის ამბები