არასოდეს არ მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია პირადი ხარჯები, - აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან მგზავრობებში არც მისი და არც მისი ოჯახის წევრებისთვის. პრემიერს შეკითხვა დღეს ჟურნალისტებმა დაუსვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საბიუჯეტო თანხების ხარჯვა.
"არასოდეს არ მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის მგზავრობა თუ სხვა, არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან, არც ჩემს მგზავრობაში და არც ჩემი ოჯახის. განსხვავებით თქვენი ბელადის, სააკაშვილისგან. ახლა შეგახსენებთ მთავარს - მე შეგნებულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელისუფლების ხელწერის, რომ ჩვენ არასოდეს ბიუჯეტს არ ვიყენებთ როგორც პირადს, ოჯახის ბიუჯეტს, და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის წინ გამეფებული აქ, როცა საკუთარი პირადი მ9მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა.
პოლიტიკამდეც მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს არ ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და ეს არ არის რაღაც სიახლე. ამ თემაზე მეუხერხულება საუბარი, მაგრამ ვინაიდან მისვამთ კითხვას, გპასუხობთ. თქვენ თუ ობიექტურები ბრძანდებით, უნდა გაგერკვიათ - საიდან გადაიხადეს, ამ ოჯახმა საიდან გადაიხადა. თუ რაიმე კითხვები გაქვთ, მე ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციას დაელოდეთ მომავალ დეკლარაციებს, ამ წელსაც შევავსებ და გაისადაც შევავსებ დეკლარაციას, რომ არავითარი, არაფერი დაფარული არ მაქვს.
მთავარი რაც გამოვლინდა ახლა - წლების განმავლობაში ოპოზიცია ამბობდა, რომ სააკაშვილი გასამართლებული იყო რაღაც მოგონილი პიჯაკების საქმით. ერთ-ერთი მთავარი საქმე, რაც ამ საქმეში დევს და მთავარი მტკიცებულება არის, მათ შორის, თვითმფრინავის ხარჯები, პირადი ხარჯები, პირადი ვიზიტები დაფინანსებული იყო ბიუჯეტიდან. მთავარი თემა და სკანდალი, რაც გამოვლინდა და გახდა საჯარო, ჯარს აფინანსებინებდა საკუთარ გართობასა და დროსტარებას. 14 მილიონი ლარი არამიზნობრივად არის გაფლანგული თავდაცვის სამინისტროდან, სააკაშვილის პირადი ვოიაჟებისთვის. მე გეკითხებით, თქვენ თუ ხართ ახლა ობიექტური ადამიანი - რა ესაქმებოდა სააკაშვილს პაბლო ესკობარის საფლავზე, რატომ ჩავიდა კოლუმბიაში?
ამერიკის შესახებ რაიმე აუგი არასდროს მითქვამს. პირიქით, ძალიან მიყვარს ამერიკა, პოლიტიკამდეც ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი ამერიკაში, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკელ ხალხს. ამერიკის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ჩემმა შვილმა არჩევანი გააკეთა და მოწვევა მიიღო ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს სკოლიდან. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკაში სწავლა, თუ განათლება ცუდია და შვილები არ უნდა გააგზავნონ. იმ ადამიანებს მინდა ვუპასუხო, ვინც თქვა, რომ ძალიან ბევრს სტუდენტს დავალიანება არ აქვს ჩამოწერილი, ვერ იხდის სწავლის საფასურს და ამ დროს პრემიერის შვილი ამერიკაში სწავლობსო. უნდა ვთქვათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, ათასზე მეტი სტუდენტი დავაფინანსეთ ბიუჯეტიდან საუკეთესო უნივერსიტეტებში, სააკაშვილმა საკუთარი შვილი დააფინანსა ბიუჯეტიდან. მე არც ჩემი შვილის და არც ჩემი ოჯახის წევრისთვის არცერთი თეთრი არ დამიხარჯავს ბიუჯეტიდან, ეს არის მთავარი განსხვავება,"-აღნიშნა პრემიერმა.