სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისა და საზოგადოებრივი პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა განმარტეს, საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული მომავალი იყო.
გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო, ფარცხალაძის საკითხს და პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც.
ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომლებსაც პირადად შეხვდა, დადებითი მოლოდინები აქვს, რათა საქართველოს მხარი დაუჭირონ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში.
"გავცვალეთ ინფორმაცია, როგორი მოლოდინი აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც შედგა რამდენიმე დღის წინ. პრეზიდენტის აკეთებს ყველაფერს, რა თქმა უნდა, ადვოკატირებს კანდიდატის სტატუსს. წინ აქვს უკანონო, ძალიან მძიმე, ევროინტეგრაციისთვის უმძიმესი პროცესი -იმპიჩმენტის, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ, არცერთი პარლამენტის წევრი, რომელიც ვიყავით ამ დარბაზში. პრეზიდენტის პოზიცია, ალბათ გახდება ცნობილი, იმპიჩმენტთან დაკავშირებით", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
”საქართველოს ევროპული ორბიტა” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ჰქონდა ვიზიტი ძალიან კარგად აცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
"აქვს განცდა, რომ ქვეყნები, სადაც ჰქონდა ვიზიტები ძალიან კარგად აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ფიქრობს ამ მიმართულებით მუშაობას შედეგი მოაქვს , თუმცა არის სამუშაო თითოეულ ქვეყანასთან ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.