15 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ძალიან შემაშფოთებელია და სჭირდება ძალიან ყურადღებით დაკვირვება - ალუდა ღუდუშაური სუსის გამოძიებაზე

სუსში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით, სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ "კანვასის" წევრები გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულს საკითხს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ სუსის მიერ დაწყებული ქვეყანაში დაგეგმილი დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის საქმეზე მიმდინარე გამოძიება მორიგი პროპაგანდა და მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება.

"ეს არის მორიგი პროპაგანდა, მორიგი არაპროფესიონალიზმი და მორიგი დასტური რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის "ქართული ოცნების" გაგრძელება, იმისთვის, რომ აწარმოოს იგივე პროპაგანდა, რაც არის სახიფათო ქვეყნისთვის, როდესაც სუსი მუშაობს "ქართული ოცნების" უსაფრთხოებაზე და არ ზრუნავს ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებაზე," - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შემაშფოთებელია და ყურადღებით დაკვირვება სჭირდება.

"საზოგადოებას მიეწოდა ძალიან შემაშფოთებელი, მე ვიტყოდი ყურადსაღები ინფორმაცია, თურმე აქ გადატრიალებაზე ვიღაცები ფიქრობენ, ეს ბუნებრივია, ძალიან შემაშფოთებელია და სჭირდება ძალიან ყურადღებით დაკვირვება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას და დარწმუნებული ვარ საზოგადოებას ალბათ ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია. ეს არის დამოკიდებული იმაზე, რომ გამოძიებას აქვს მაღალი სტანდარტი და, შესაბამისად, არ უნდა იქნეს დაზიანებული ქვეყნის ინტერესები," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაშიფრულია გეგმა, რომლის თანახმად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესის პარალელურად, საქართველოში სამოქალაქო არეულობა იგეგმება. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბერი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი. გეგმის ერთ-ერთ მთავარ აქტორად მოხსენიებულია ორგანიზაცია "კანვასი," რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოში ტრენინგებს ატარებენ.

დღის ამბები