20 სექტემბერი 2024,   04:08
ვრცლად
შვილმა მამა მოკლა და ცხედარი აგარაკის ეზოში დამარხა - რას იხსენებენ "კურიერთან" მეზობლები

ლურჯი ფერის ავტომობილში აღმოჩენილი სისხლის კვალი, პოლიციისთვის მთავარი მტკიცებულება გახდა იმისათვის, რომ უშანგი ინაურის გაუჩინარების საქმე ცხელ კვალზე გაეხსნათ. სამძებრო - საგამოძიებო მოქმედებებისას გაირკვა, რომ 68 წლის მამაკაცი არ დაკარგულა და ის მოკლულია.

სისხლის წვეთებმა და ავტომობილში აღმოჩენილმა სხვა მტკიცებულებებმა, სამართალდამცველები ოჯახის წევრის კვალზე მიიყვანა. დაკავებულია 28 წლის სანდრო ინაური, მოკლული უშანგი ინაურის შვილი. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაადგინეს რომ, ახალგაზრდა მამაკაცმა მშობელი სოფელ ქორდში, სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ ცხედარი ამისივე ავტომობილის საბარგულში მოათავსა და ავჭალის დასახლებაში აგარაკის ეზოში დამალა. კვალის დაფარვის მიზნით კი, მოკლულს ფიცრები და სამშენებლო მასალები დააყარა.

"კურიერმა" ინაურების კუთვნილი აგარაკიც გადაიღო. გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა მშობლის ცხედარი აუზთან დამალა. შემთხვევის ადგილზე დღეს, მოკლულის ნაცნობები მივიდნენ. რატომ გაიმეტა შვილმა მამა სასიკვდილოდ, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ და ამბობენ რომ, ოჯახის წევრებს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ მათ არაფერი სმენიათ

მოტივი უცნობია მოკლულის ნათესავებისთვისაც. ახლობლების თქმით, მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ 68 წლის უშანგი ინაური სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ეს ინფორმაციაც მათ, სწორედ მოკლულის შვილმა აცნობა. გავრცელებული ვერსიით, სანდრო ინაურმა ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, 112-ში თავად დარეკა, თქვა რომ მამა დაიკარგა, მოგვიანებით კი მშობლის ძებნის ღონისძიებაში პირადად იყო აქტიურად ჩართული .

სოფელ ქორდში "კურიერს" მეზობლები უყვებიან, რომ მკვლელობის დღეს , ინაურების სახლში ტელევიზორი ხმამაღლა იყო ჩართული. სავარაუდოდ, ბრალდებულს სურდა ვინმეს გასროლის ხმა არ გაეგო.

მამის მკვლელობის საქმეზე გამოძიება, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ დანაშაულზე ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი. ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები