ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, პოლიტიკურ ველზე დაბნეულობა და კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, ოპოზიციის რიგებიდან. გაირკვა რომ, დეპუტატებმა კითხვები პრეზიდენტთან დახურულ შეხვედრაზე დასვეს. პასუხი ამ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ კორძაიამ გაასაჯაროვა.
პრეზიდენტის პოზიციით, რომელიც კორძაიამ გააჟღერა, მიზანი ნათია თურნავას ბრძანების გაუქმებაა, რომლის მიხედვით საერთაშორისო ფინანსური სანქციები საქართველოს მოქალაქეების მიმართ მხოლოდ ქართული სასამართლოს განაჩენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს. მმართველ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ ამ მიდგომის უკან სრულიად სხვა მიზნები, პირველ რიგში კი რისკები დგას, რაც თითოეულ მოქალაქეს ეხება.
ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეების საკითხი და ეროვნულ ბანკში განვითარებული პროცესები რომ საუბრის თემა იყო, ამას თამარ კორძაიას გარდა, პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის სხვა მონაწილეებიც ადასტურებენ. კორძაიასგან განსხვავებით, ისინი დეტალებში არ შედიან. დეტალებს არ უყვება, მათ შორის, არც თინა ბოკუჩავა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა განსხვავებულ ფორმატში ერთი-ერთზე მიიღო, თუმცა არ მალავს, რომ მოქმედ პრეზიდენტთან ყოფილის შეწყალების საკითხი კვლავ დააყენა.
საუბრები მხოლოდ ოპოზიციასთან და თან დახურულ ფორმატში – ეს ყველაფერი კი ევროპაში მთავრობის თანხმობის გარეშე შემდგარი ვიზიტის შემდეგ. ამგვარი მოცემულობა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, პრეზიდენტის დამატებით კრიტიკას იწვევს.
პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე საკითხების, განსახილველად ინდივიდუალურ და გაფართოებულ შეხვედრებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან მომავალშიც გეგმავს. ბოლო შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ ის აპირებს ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტოს. პროცედურის მიხედვით, მას გადაწყვეტილების მისაღებად 3 თვიანი ვადა აქვს.