15 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს, ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული - თეა წულუკიანი "კანვას საქართველოს" განცხადებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება და "კანვას საქართველოს" პასუხი - არასამთავრობო ორგანიზაცია სუს-ის ინფორმაციას, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში, სერბეთის მოქალაქეები საქართველოში "რევოლუციური სცენარის" მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ, ზეწოლას უწოდებს. "კანვას საქართველოში" აცხადებენ, რომ მუქარა მარტის წარმატებული კამპანიის საპასუხოდ დაიწყო.

"რისთვის არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების ფული დახარჯული ჩვენს ქვეყანაში"? - კითხვას თეა წულუკიანი სვამს. მთავრობის წევრი ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ვერავითარი არეულობა ვერ იქნება.

"ვიდეოში ვიხილეთ და მოვისმინეთ, რომ კონკრეტული პირები ატარებენ ტრენინგს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სხვებს ასწავლიან თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბონ საპროტესტო მუხტი, შემდეგ ეს მუხტი გარდაქმნან რევოლუციად და ჩამოაგდონ არსებული ხელისუფლება. ეს არის მტკიცებულება, რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა. კარგია, რომ გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს. ჩვენ ახლა უნდა დავსვათ კონკრეტული კითხვები საზოგადოების სახელით, მთავრობის სახელით და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. როგორ ხდება USAID-ის დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტს ჩამოჰყავს ის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციის" დაგეგმვაში იღებდნენ მონაწილეობას, ის პირები, რომლებიც თავიან ქვეყანაში - სერბეთში, ქართული "კმარა-ს" ანალოგს ხელმძღვანელობენ და რისთვის არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების ფული დახარჯული ჩვენს ქვეყანაში. ეს კითხვები ლეგიტიმურია და ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს, ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული და ვერც ვერავინ, ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას ვერ შეძლებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები