15 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის იმპიჩმენტს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილავენ - თითქმის 7 საათიანი პროცესის დეტალები

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს თავად მთავარი გმირი არ დასწრებია. პირველივე კითხვა კოლეგიის ხელმძღვანელის მხრიდან სხდომის დაწყებისთანავე სწორედ ამ თემაზე დაისვა. პრეზიდენტის პოზიციას პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი იცავდნენ.

მოსამართლე ტურავას შეკითხვას პასუხი, სწორედ კოპალეიშვილმა გასცა და დაადასტურა, რომ წარმომადგენლებს, როგორც სამართლებრივ, ისე ვიზიტების შინაარსობრივ მხარეზე ინტერესების დასაცავად, პრეზიდენტის მხრიდან სრული ნდობა აქვთ.

პრეცედენტული საქმის შინაარსობრივი განხილვა ირაკლი კობახიძის მხრიდან საკონსტიტუციო სარჩელის დეტალებზე საუბრით გაგრძელდა. მოქმედი კონსტიტუციის ავტორმა, უნებართვო საგარეო ვიზიტების დროს პრეზიდენტის მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არაკანონიერად გამოყენების მაგალითები ჩამოთვალა და თქვა, რომ ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში ჩასვლით ზურაბიშვილმა მთავარი კანონი გააზრებულად დაარღვია. ვოიაჟი რომ არაკანონიერი იყო, ამის დამატებით მტკიცებულებად კი ირაკლი კობახიძემ, ლიეტუვის ერთ-ერთი არხისთვის პრეზიდენტის მიერ მიცემული ინტერვიუც გაიხსენა.

ირაკლი კობახიძეს პასუხი ყოფილმა თანაგუნდელმა გასცა. თამარ ჩუგოშვილმა კონსტიტუციის 49-ე და 52-ე მუხლებს შორის არსებულ კავშირზე ისაუბრა და თქვა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია, რადგან პრეზიდენტი მაღალი რანგის წარმომადგენლებს საქართველოში მთავრობასთან შეთანხმების გარეშე მასპინძლობს. ჩუგოშვილმა დღეს კოლეგიას და ოპონენტებს კონსტიტუციის შექმნაში საკუთარი როლიც შეახსენა.

კონსტიტუციის 49-ე მუხლი უფლებამოსილებებს რომ განსაზღვრავს და 52-ე კი აკონკრეტებს - ამის შეხსენება ოპონენტებისთვის დღეს ირაკლი კობახიძეს მოუწია. მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, 49-ე მუხლით პრეზიდენტს ნომინალურად მთავარსარდლის ფუნქციაც აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას საომარი მოქმედებების დროს გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებაზე ისაუბრა მთავრობის საპარლამენტო მდივანმაც. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოსამართლეთა კოლეგიას და მოპასუხე მხარეებს განუცხადა, რომ ნებისმიერი სახის შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს, მთავრობის თანხმობას საჭიროებს.

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებას, მალევე ირაკლი კობახიძის დამატებითი რეპლიკაც მოჰყვა. სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარემ ოპონენტებს საქმის არსებითი განხილვის ჭრილში დაბრუნებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მოქმედი წესის დარღვევა ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის წარმოებაში პრობლემებს უქმნის. კობახიძის განცხადებას, სასამართლოს მიმართ კრიტიკული პოზიცია მოჰყვა სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების მხრიდან.

სასამართლოს სხდომის დღევანდელი დასკვნითი ნაწილი, დასაწყისის მსგავსად, მხარეებს შორის კრიტიკული შენიშვნებით დასრულდა. პრეზიდენტის წარმომადგენლებმა პლენუმი საქმის წარმოებაში მიღების გამო გააკრიტიკეს, წარმდგენებს კი კონსტიტუციის ცოდნაში კომპეტენცია დაუწუნეს. რასაც საპასუხოდ ზურაბიშვილის მხრიდან სასამართლოს პატივისცემაზე შენიშვნა და ირაკლი კობახიძის მხრიდან საქმის შინაარსის სიმარტივეზე პასუხი მოჰყვა.

დადგება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი საპარლამენტო კენჭისყრაზე - ამას მოსამართლეთა 9 კაციანი პლენუმი გადაწყვეტს. დაარღვია თუ არა კონსტიტუციის გარანტმა ქვეყნის მთავარი კანონი - საკითხის განხილვა სასამართლოში ხვალ გაგრძელდება.

ავტორი: იზი ბურნაძე. 

 

დღის ამბები