15 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2023 წლის 4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და მაღალი შეფასება მისცეს, 2023 წლის ივნისში, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს.

მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

აღინიშნა ორგანიზაციის კრიტიკული როლი და მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან და ნდობის აღდგენის პროექტებთან დაკავშირებით. 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომლის საშუალებითაც ხდება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. 

ამასთან, განსაკუთრებით აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა. 

ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს წვლილს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. ყურადღება გამახვილდა 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმასა და მის ფარგლებში გათვალისწინებულ პროექტებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება შესაბამისად შეფასებული და ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს. 

დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა. 

3-4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა.

დღის ამბები