15 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით სხდომა ხვალ განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, ხვალ იქნება პროცესის მონაწილეებს შორის შეკითხვების ეტაპი და დასკვნითი სიტყვები.

მანამდე მერაბ ტურავამ მხარეებს მიმართა, გაეგრძელებინათ თუ არა დღევანდელი სასამართლო პროცესი 19:00 საათის შემდეგ, რაზეც ორივე მხარე თანახმა არ იყო. პრეზიდენტის წარმომადგენლებს სხდომის ხვალ გაგრძელება სურდათ, წარდგინების ავტორებს კი პროცესის კიდევ ერთი საათით გაგრძელება.

აზრთა სხვადასხვაობის გამო სასამართლოს შემადგენლობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლო სხდომა ხვალ განახლდეს.

„ასეთ საკითხებზე ჩვენ არ ვჩხუბობთ და ვეკამათებით ერთმანეთს. თუ ორივე მხარე თანახმა არ არის, მაშინ პროცესი 19:00 საათის შემდეგ ვერ ჩატარდება. ამ შემთხვევაში, ერთი მხარე თანახმაა, ერთი საათით გაგრძელდეს, მეორე მხარე ამბობს, რომ დასრულდეს. სასამართლოს შემადგენლობა მივიდა დასკვნამდე, რომ დღეს სხდომა დამთავრებულია და ხვალ, 11:00 საათზე გავაგრძელებთ. ხვალ გვექნება ურთიერთშეკითხვების ეტაპი, ასევე დასკვნითი სიტყვები“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა წარადგინა. კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

 

 

 

დღის ამბები