"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხში მმართველმა გუნდმა ოპოზიციონერების გადაბირება შეძლოს. მისივე შეფასებით, ეს საკითხი მხოლოდ იმ თანხის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რასაც "ქართული ოცნება" ამაში გადაიხდის.
"გააჩნია რამდენს გადაიხდიან, თორემ თუ საჯაროდ იტყვიან თანხას, რამდენსაც ამაში ხარჯავენ თითო დეპუტატზე, შეიძლება ფარული მოლაპარაკებებიც არ დასჭირდეთ, ისე დაეთანხმოს ხალხი. კარგი გართობები გველოდება წინ. საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავერთობით და მერე პარლამენტში ხომ გავერთობით და გავერთობით, რომ ვნახავთ, რამდენი ადამიანი გადახტება ხელისუფლებისკენ. თუ არავინ არ გადახტება, იმით გავერთობით, თუ რა ტყუილად მოაწყო ამხელა კონცერტი ხელისუფლებამ,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
"რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდიას შეფასებით, ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე "ოცნებას" გაურიგდებიან, წავლენ საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ.
"ნებისმიერი ოპოზიციონერი 12 დეპუტატი, რომელიც "ქართულ ოცნებას" ამაში გაურიგდება, ის წავა ქვეყნის გაცხადებული საგარეო ვექტორის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება ეს იყოს - მე ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და განმარტება ასახსნელი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხი,"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, რომ პარტია "საქართველოსთვის" "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" ფარულ გარიგებაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც გეგმავენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი პარტია "საქართველოსთვის" წევრების აზრით, ისინი აქცენტის გადატანას მათი მისამართით ეცდებიან.