პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე პარტიებს შორის ურთიერთბრალდებები ისმის. "ნაციონალური მოძრაობა" პარტიას "საქართველოსთვის" პასუხობს.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, გახარიას გუნდის წარმომადგენლების კომენტარები, რომლებიც იმპიჩმენტის საკითხზე "ნაცმოძრაობას" "ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებენ, დაუსაბუთებელია.
"ისინი ოპოზიციაში ასრულებენ ტროას ცხენის როლს, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მხრიდან და ცდილობენ, მუდმივი დისონანსი შეიტანონ ოპოზიციურ გადაწყვეტილებებში. მეტი კვალიფიციურობა, მეტი დასაბუთებაა საჭირო, როდესაც ასეთ ბრალდებას აყენებ, მითუმეტეს გახარიას პარტიის წარმომადგენელი, რომელიც თავად "ქართული ოცნების" დანამატად მოიაზრება. ასეთ ჭორაობას და რაღაც ბრალდებებს ჯობია, რომ მათი ფრაქციის წარმომადგენლებმაც მიიღონ გადაწყვეტილება, რომ დატოვონ სხდომათა დარბაზი კენჭისყრის დროს და ყველა კითხვის ნიშანი და ეჭვი გააქარწყლონ,"- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია "საქართველოსთვის" "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" ფარულ გარიგებაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც გეგმავენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი პარტია "საქართველოსთვის" წევრების აზრით, ისინი აქცენტის გადატანას მათი მისამართით ეცდებიან.