15 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა - 9 მოსამართლე კვლავ ცდილობს დაადგინოს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი

საკონსტიტუციო სასამართლოში, იმპიჩმენტის საქმის განხილვის მესამე დღეს, სამართლებრივთან ერთად, არც პოლიტიკური განცხადებების გარეშე ჩაუვლია. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებსა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის კითხვა-პასუხის დროს - მთავარი თემა, კვლავ 52-ე და 49-ე მუხლებს შორის არსებული განსხვავებები იყო. კონსტიტუციის გარანტის მხრიდან ძირითადი კანონის დარღვევას სახელისუფლებო გუნდი მისი გადაყენების სამართლებრივ წინაპირობად, რიტორიკას კი პოლიტიკურ მოტივად მიიჩნევს.

სასამართლოზე პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილმა პირებმა, წარდგინების ავტორებს სთხოვეს განემარტათ თუ რა უფლებამოსილებას ანიჭებს პრეზიდენტს 49-ე მუხლით განსაზღვრული სტატუსი და შესაძლებელია თუ არა მან საგარეო ურთიერთობების წარმოების დროს მთავრობის ნებართვის გარეშე იმუშაოს.

პრეზიდენტის წარმომადგენლების კიდევ ერთი ინტერესის საგანი, კონსტიტუციის 78-ე მუხლი იყო. მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროინტეგრაციისთვის მოქმედებას ავალდებულებს. ოპონენტებს დღეს მმართველი გუნდიდან განუმარტეს, რომ ეს დათქმა ყველა ადრესატის, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობას გულისხმობს.

როგორ ესმის წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელება, პრეზიდენტს და მის ნდობით აღჭურვილ პირებს - სასამართლოზე ამ შინაარსის შეკითხვაც დაისვა.

გრამატიკის გარდა, ისტორიული პროცესის დასკვნით ნაწილს არც ლიტერატურული ალუზიების გარეშე ჩაუვლია. მთავარსარდლის წარმომადგენლობითი ფუნქციის განმარტებასთან დაკავშირებულმა კითხვამ, ირაკლი კობახიძეს დღეს ნოდარ დუმბაძის კუკარაჩა გაახსენა.

საკონსტიტუციო წარდგინების განხილვის მესამე დღეს, სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო გზავნილიც გახმოვანდა. ინტერესების დამცველებს პრეზიდენტმა კონკრეტული მოვლენის გახსენება სთხოვა

კითხვა-პასუხის მიმდინარეობის პროცესში, პრეზიდენტის წარმომადგენლებს შენიშვნა ოპონენტების გარდა პლენუმის მიმართაც, რამდენჯერმე ჰქონდათ.

კითხვა-პასუხის დასკვნით ნაწილში პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა, საქართველოს კონსტიტუციის მიდგომების საერთაშორისო ანალოგიების დასახელება მოითხოვეს. რასაც პასუხად ისრაელის მთავარ კანონზე საუბარი მოჰყვა - როგორც მსგავსი უსაფრთხოების გამოწვევების მქონე ქვეყნის.

საკონსტიტუციო სასამართლოს 9-კაციანმა პლენუმმა ისტორიული საქმის 3 დღიანი, საჯარო, განხილვა დაასრულა. დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ძირითადი კანონი - ამის შესახებ დასკვნით სიტყვას კოლეგია 14 ოქტომბრამდე გამოაქვეყნებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი პრეზიდენტს წინ პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა ელოდება.

ავტორი: იზი ბურნაძე. 

 

დღის ამბები