პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, EURACTIV-ზე გამოქვეყნებული სერგი კაპანაძის სტატიის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ გასულ წელს, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის წინ, ოპოზიციის ნაწილმა სწორედ მსგავსი აქტივობები დაიწყო. მისივე შეფასებით, მათი ოპონენტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა შეფერხდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
"რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, არის თვითლუსტრაცია, საიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ უყურებენ ქვეყანას და ქვეყნის მომავალს. სწორედ ასე დაიწყო გასულ წელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის წინ მათი აქტივობები. სწორედ მათ მიერ იყო დაწყებული საუბარი წინაპირობების თაობაზე და საქართველომ უსამართლოდ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირისგან. ეს არის სწორედ შედეგი იმისა, რომ ქვეყანაში არიან ის ძალები, რომლებიც არა ქვეყნის წინსვლაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანამ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაღაც სარგებელი,"-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.