პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილთან კვიპროსში გაემგზავრა. მისივე განცხადებით, არ არის სწორი არაფორმალური მმართველობისთვის ბრძოლის გამოცხადება მაშინ, როცა თავად არაფორმალური მმართველობის ქვეშ ხარ.
"როდესაც გამოდიხარ და მეუბნები, რომ არაფორმალურ მმართველობას ვებრძვიო და აქეთ შენ თურმე არაფორმალური მმართველი გყავს, ლოგიკა სად არის?! როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ყველას თავისი ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი ჰყავს, ეს უკვე მოცემულობაა. კეზერაშვილს რა როლის აქვს "ნაციონალურ მოძრაობაში" და ვინ სად არის არაფორმალური მმართველი, ამაზე კითხვის ნიშნები აღარ გვაქვს," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში გაემგზავრა. ლევან ხაბეიშვილი "კურიერმა" ექსკლუზიურად, ქუთაისის აეროპორტში ჩაწერა. ხაბეიშვილთან ერთად კვიპროსში წავიდა პარტიის სრული მენეჯმენტი, მათ შორის, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი.