"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კვიპროსში გამგზავრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიის არაფორმალურმა მმართველმა, "პრემიერ-მინისტრმა" დავით კეზერაშვილმა თავისი "მინისტრები" დაიბარა. იაგო ხვიჩიამ ყურადღება "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზეც გაამახვილა.
"პარტიის ერთი არაფორმალური მმართველი, მოგეხსენებათ, არ არის ქვეყანაში და ამიტომ მის "მინისტრებს", "ნაცმოძრაობის მინისტრებს" უწევთ თავიანთ "პრემიერ-მინისტრთან" ჩასვლა სხვა ქვეყანაში. ისინი არ იმართებიან ქვეყნის შიგნიდან, ისინი იმართებიან ისე, როგორც იმართებიან. ზოგადად, "ნაცმოძრაობა" უცნაურ პარტიად ჩამოყალიბდა - არსებობს ხალხი შიგნით, რომლებიც ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეჩხუბებიან, სხვადასხვა პარტიები არიან თითქოს, მაგრამ რჩებიან ერთ პარტიაში,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში გაემგზავრა. ლევან ხაბეიშვილი "კურიერმა" ექსკლუზიურად, ქუთაისის აეროპორტში ჩაწერა. ხაბეიშვილთან ერთად კვიპროსში წავიდა პარტიის სრული მენეჯმენტი, მათ შორის, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი.