15 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
"ისინი რომ ერთმანეთთან დაფრინავენ და ერთმანეთს ეხმარებიან დესტრუქციულ გეგმებში, არახალია" - არჩილ თალაკვაძე "ნაცმოძრაობის" კეზერაშვილთან ვიზიტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  "ნაციონალური მოძრაობა" და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს ეხმარებიან დესტრუქციულ გეგმებში. ეს განცხადება თალაკვაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ ენმ-ის წევრები დავით კეზერაშვილთან, კვიპროსში გაფრინდნენ.

"დავით კეზერაშვილი პირდაპირ ერევა პოლიტიკაში. თვითონაც აღიარა ეს არაერთხელ ეთერში, რომ აფინანსებს პარტიებს, ტელევიზიებს და ეხმარება ცალკეულ პოლიტიკოსებს. ის ცალკეული პოლიტიკოსები არიან ჩუმად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, ეს დუმილი დასტურის ნიშანია. ნახევარი მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ კონტრაქტში, საქართველოს გასაშავებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად იყო გადახდილი. ასეთი ტიპის აქტივობა, ბუნებრივია, ვერ შედგება დავით კეზერაშვილს რომ არ ჰყავდეს მოკავშირეები აქ, ქართულ პოლიტიკაში, რადიკალურ ოპოზიციაში. ისინი რომ ერთმანეთთან დაფრინავენ, ერთმანეთს რომ თანაუგრძნობენ და ერთმანეთზე ძალიან ბევრს ფიქრობენ და ეხმარებიან ამ დესტრუქციულ გეგმებში, ეს არახალია,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში გაემგზავრა. ლევან ხაბეიშვილი "კურიერმა" ექსკლუზიურად, ქუთაისის აეროპორტში ჩაწერა. ხაბეიშვილთან ერთად კვიპროსში წავიდა პარტიის სრული მენეჯმენტი, მათ შორის, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები