16 სექტემბერი 2024,   23:04
ვრცლად
კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი ჯერ მოიტაცა, ერთად ცხოვრებას 2 თვის განმავლობაში აიძულებდა, შემდეგ კი მოკლა, დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია - მას თან მკვლელობის იარაღიც აღმოაჩნდა

ალიმ ასლანოვის მამამ, სამართალდამცველებისგან შეიტყო რომ 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობისთვის ძებნილი შვილი, უკვე დაკავებულია. მშობელი "კურიერთან" ამტკიცებდა, რომ 6 ოქტომბრის შედეგ 27 წლის მამაკაცი არ უნახავს და არც ის იცოდა სად იმალებოდა , მძიმე დანაშაულში ბრალდებული.

"კურიერმა" გაარკვია რომ 14 წლის აითაჯ შახმანოვის მკვლელობისთვის ბრალდებული სოფელ უდაბნოში, ტყეში იმალებოდა . როდესაც დაინახა, რომ ადგილზე სამართალდამცველები მობილიზდნენ, მიმალვა ვეღარ შეძლო და ტყიდან გამოვიდა. ძებნილი ალიმ ასლანოვის დასაკავებლად ადგილზე სპეცოპერაცია ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით მას თან ჰქონდა ის ცეცხლსასროლი იარაღი , რომლითაც არასრულწლოვანი გოგონა სამი გასროლით მოკლა. იარაღი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. სოფელ უდაბნოში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო მასალა შინაგანს საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურად გაავრცელა.

 სამართალდამცველები, დაკავების ღონისძიებამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურ სამძებრო- საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. მობილიზებულები იყვნენ ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო 14 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული მიმალულიყო. კონტროლდება საზღვრებიც. ალიმ ასლანოვი ახლა უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული. განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლით, 27 წლის კაცს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, თელავის რაიონულმა სასამართლომაც. ბრალდებულს ჰყავს ადვოკატი, თუმცა საქმის დეტალებზე ,როგორც თავად ამბობს დაკავებულის ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პატიმარი დუმილის უფლებას იყენებს.

სოფელ უსეინქენდში 14 წლის აითაჯ შახმანოვი იზრდებოდა, მანამდე სანამ მას გავრცელებულ ინფორმაციით, ქორწინების მოტივით მოიტაცებდნენ და სოფელ ლამბალოში წაიყვანდნენ. ეზოც და სახლის კარიც ახლა დაკეტილია. მოკლული გოგონას ოჯახი ,დაკრძალვის შემდეგ იქ აღარ მისულა.

 სწორედ ამ სახლთან ახლოს მდებარე საძოვრებიდან გაიტაცა 2 თვის წინ 14 წლის მოზარდი, ალიმ ასლანოვმა. გავრცელებული ვერსიით, არასრულწლოვანი პერიოდულად ცდილობდა 27 წლის მამაკაცისგან თავის დაღწევას, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ტრაგედიის დღესაც. 6 ოქტომბერსაც ასლანოვმა გოგონას გაქცევის უფლება კვლავ არ მისცა და იარაღით მოკლა.

 14 წლის აითაჯ შახმანოვი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. გამოძიება მის წინააღმდეგ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს. გამოძიება გრძელდება არასრულწლოვანის , შესაძლო იძულებით ქორწინების ფაქტზეც .

დღის ამბები