შეცვლის თუ არა ხაბეიშვილს ნიკა გვარამია - გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი მენეჯმენტი პარტიის დამფინანსებელთან დავით კეზერაშვილთან შესახვედრად, სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ გაემგზავრა.
ნიკა მელიას გუნდი კვლავ ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს, არ არის გამორიცხული ეს "ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფის მიზეზი გახდეს.
"ნიკა გვარამია ძალიან პრინციპული ადამიანია, არ მგონია იმ მოცემული თამაშის წესებს დათანხმდეს, რომელიც დღეს არის "ნაციონალურ მოძრაობაში". მას ინსტრუქციებით ვერ ატარებ. ძალიან ცუდად ექცევიან ლევან ხაბეიშვილს, რადგან ხდება მისი გამოყენება ამ ყველაფერში. ამ მოცემულობაში, მე ყველანაირად სოლიდარული ვარ ლევან ხაბეიშვილის, ასე რომ, ლევან გამაგრდი, არცერთი ნაბიჯი უკან. მას მართებს ახლა ცოტა პრინციპული პოზიციის გამოჩენა,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე.
ხაბეიშვილის გუნდში კი ამბობენ, რომ გვარამიას როლი მნიშვნელოვანია ოპოზიციურ ველზე, თუმცა, ხაბეიშვილი ლეგიტიმური თავმჯდომარეა და მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შეცვლის:
"რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ნიკა გვარამიას როლი მნიშვნელოვანია ოპოზიციურ ველზე, ლევან ხაბეიშვილი არის ლეგიტიმური თავმჯდომარე მოქალაქეთა ამ პოლიტიკური გაერთიანების და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შეცვლის. არავინ არსად დაუბარებიათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან, სწორედ ამიტომ გვჭირდება დემოკრატიულ ძალებს მხარდაჭერა და ამ მხარდაჭერისთვის არიან ჩვენი ლიდერები სხვადასხვა ქვეყანაში,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.
ანა წითლიძის განცხადებით კი, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები არის მხოლოდ ამომრჩევლის გადასაწყვეტი:
"ვინ იქნება შემდეგი თავმჯდომარე, ამას გადაწყვეტს "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი, როდესაც "ნაცმოძრაობის" მოქმედ თავმჯდომარეს ამოეწურება უფლებამოსილება.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები არის მხოლოდ ამომრჩევლის გადასაწყვეტი. პარტიაში მიმდინარე პროცესებში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, ეს ყველაფერი არის ნორმალური. ნორმალური არის ისიც, რომ თუ ვინმე გადაწყვეტს არ იყოს ენმ-ში, ენმ ყველა პროცესიდან გამოსულა გამარჯვებული და გამოვა გამარჯვებული,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ანა წითლიძე.