ჩაანაცვლებს თუ არა დავით კეზერაშვილი ლევან ხაბეიშვილს ნიკა გვარამიათი - "კურიერის" კითხვას "მთავარი არხის" დამფუძნებელი სტრასბურგიდან პასუხობს. გვარამიას თქმით, ის "ნაცმოძრაობაში" თანამდებობის დაკავებით დაინტერესებული არ არის, თუმცა შეკითხვას, სურთ თუ არა პარტიის დამფინანსებლებს მისი ხილვა ხაბეიშვილის ნაცვლად - ღიად ტოვებს.
ნიკა მელიას ფლანგი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე თვის წინ არჩეულ ლევან ხაბეიშვილს მალე შეცვლიან. ჯერ კიდევ "ნაცმოძრაობის" წევრები ფიქრობენ, რომ კვიპროსში დავით კეზერაშვილთან პარტიის ლიდერების გამოძახება სწორედ ამ თემას უკავშირდება. მელია და მისი თანამოაზრეები ხაბეიშვილს ამჯერად სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ კეზერაშვილი ამ შემთხვევაშიც ჩრდილოვანი მართვის მეთოდს იყენებს, რაც მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მეორედ გაყოფის პროცესს დააჩქარებს.
ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ელიტა კვიპროსში გუშინ, ქუთაისიდან გაფრინდა. რა მიზნით დაიბარა "ნაცმოძრაობის" მენეჯმენტი მთავარმა დამფინანსებელმა - ამ კითხვას კონკრეტული პასუხი "ნაციონალურ მოძრაობაში" არც დღეს გასცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მიზეზად, მისი სასწავლებლად წასვლის სურვილი დასახელდება. ვერსიის გადასამოწმებლად, ლარნაკაზე, მოქმედ თავმჯდომარესთან დაკავშირება ვცადეთ - თუმცა უშედეგოდ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ კრიზისზე აკეთებენ აქცენტს მმართველი გუნდის წევრები. "ქართულ ოცნებაში" ხაბეიშვილის კვიპროსულ აუდიენციას არაფორმალური მმართველობის მორიგ ლუსტრაციას უწოდებენ. ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობის" რეალური მმართველი ყოფილი ძალოვნების მიზანი - ხაბეიშვილის გვარამიათი ჩანაცვლება უშედეგო იქნება.
მოუწევს თუ არა ლევან ხაბეიშვილს ნიკა მელიას ბედის გაზიარება, სავარაუდოდ, კვიპროსული ვოიაჟის შემდეგ გახდება ცნობილი. ვიდრე კეზერაშვილი ხაბეიშვილთან პოლიტიკურ საქმეებს კვიპროსზე არჩევს, მელიას და მისი გუნდის პარტიიდან გამოყოფა უფრო რეალისტური ხდება.