16 სექტემბერი 2024,   22:52
ვრცლად
სწორედ დედაა პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგონას გარდაცვალებაში - პროკურორი 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე

14 წლის შვილზე მუდმივად რომ ძალადობდნენ, კარგად იცოდა აითაჯ შახმაროვას დედამ, თუმცა მოძალადისგან მოზარდის დაცვა, როგორც გაირკვა არ უფიქრია. იძულებით ქორწინებიდან ზუსტად 2 თვეში, გოგონა იმ მამაკაცის ნასროლმა ტყვიამ მოკლა, რომელმაც ძალის გამოყენებით გაიტაცა. ქალი თავს იმართლებდა და ამტკიცებდა, რომ აითაჯის სახლში დაბრუნება სურდა, თუმცა ალიმ ასლანოვი, მასაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

საპირისპირო დაამტკიცა გამოძიებამ. 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, იძულებით ქორწინების და შეუტყობინებლობის ფაქტზე მოზარდის დედას დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა . ბრალდებულის დასაკავებლად, გენერალურმა პროკურატურამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაკავების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა , აითაჯ შახმაროვას ბიძის მიმართ და 43 წლის მამაკაცი, სასამართლოს განჩინებით დღეს აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაულის შესახებ იცოდა, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირების გამოსავლენად, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. მოიპოვეს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ აითაჯ შახმაროვა მუდმივად იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი . გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ასლანოვების სახლიდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა, მხოლოდ ერთხელ გაუმართლა და ქუჩიდან, უცხო პირის მობილურით დედას დაურეკა და დახმარება სთხოვა, თუმცა მშობლისგან უარი მიიღო. ის კვლავ აიძულეს უკან დაბრუნებულიყო.

დედის და ბიძის გარდა, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება აითაჯ შახმაროვას მიმართ ჩადენილი დანაშაულში, ამას უახლოეს პერიოდში გამოძიება დააგდებს.

ასლანოვების სახლიში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, აითაჯ შახმაროვა 2 თვე იძულებით ცხოვრობდა და 6 ოქტომბერს ალიმ ასლანოვმა მოკლა, "კურიერის" დღეს, არავინ დახვდა. სახლის და ეზოს კარიც ჩაკეტილია. მეზობლებს ოჯახი დღეს დილიდან არ უნახავთ.

აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულია 27 წლის მამაკაცი, რომელიც პოლიციას 4 დღე ემალებოდა. პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება იძულებით ქორწინების და შეუტყობინებლობის ფაქტზე.

დღის ამბები