15 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი გახარიას გუნდი და მამუკა ხაზარაძის "ლელო", წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, გაერთიანდნენ

"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი გახარიას გუნდი და მამუკა ხაზარაძის "ლელო", წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, გაერთიანდნენ.

მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ ყველაზე მწვავე დაპირისპირება წლების განმავლობაში სწორედ ამ პოლიტიკურ ძალებს შორის იყო, ისინი ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ. ახლა კი, სავარაუდო ერთობა, მათ პოლიტიკურ უპრინციპობაზე მიუთითებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის თქმით, ისინი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებენ, თუმცა არ გამორიცხავენ კონკრეტულ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, მათ შორის, "ქართული ოცნების" ყოფილ წევრებთანაც.

"ძალიან ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კონკრეტულ ადამიანებთან და კონკრეტულ პოლიტიკოსებთან, ვისთანაც ვისაუბრებთ კიდეც და ვითანამშრომლებთ კიდეც. ესენი შეიძლება იყვნენ ყოფილი მინისტრები, ყოფილი დეპუტატები "ოცნების" მხრიდან, მაგრამ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას ჩვენ არ ვგეგმავთ", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

პარლამენტის წევრის, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის თქმით, "ლელო" გახარიას პარტიასთან არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს და ეს, მხოლოდ სულელური ჭორია.

"არანაირად არ ვადასტურებ, არ ვიცი მსგავს სულელურ ჭორებს ვინ ავრცელებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სულელური ჭორი. არანაირ დღის წესრიგში არ დგას გახარიას პარტიასთან არანაირი თანამშრომლობა - კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა ეს ვთქვა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები