პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროას" ერთობლივი პლატფორმა შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ „რუსეთის სამსახურში მყოფი პირები“ საკუთარ რიგებში უნდა ეძებონ.
წილოსანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ელენე ხოშტარია და მისი ოჯახი რუსეთიდან ფინანსდებიან.
"ამ დუეტის მოქმედებები რაღაც უცნაურ ფორმას იღებს. ალბათ, ამ საიტის სათავეში იქნება ელენე ხოშტარია, რომელიც, და რომლის ოჯახიც, რუსეთიდან ფინანსდებიან. შემდეგ [სიაში უნდა იყვნენ] მათი კოლეგა პარტნიორები, რომელთაც პირდაპირი კავშირები უფიქსირდებათ რუსეთთან და მათ შორის, მთლიანად გუნდი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ იგულისხმება, რომელთა მმართველობის დროსაც ყველა სტრატეგიული ობიექტი იქნება თუ ტერიტორიების გადაცემა რუსეთისადმი, ერთადერთი, ვისაც აწყობდა, იყო რუსეთი. ამიტომ, თუ ისინი ამ მიმართულებით რეალურად აპირებენ რაიმე მოქმედებებს, [„რუსეთის სამსახურში მყოფი პირები“] ეძებონ თავიანთ რიგებში,"-აცხადებს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ პარტიებმა "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროამ" ერთობლივი პლატფორმის პრეზენტაცია გამართეს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ პრეზენტაციაზე განაცხადეს, პლატფორმა რუსეთის მსახურების საჯარო მხილების მათ მიერ შემუშავებული მექანიზმია. მათივე თქმით, პლატფორმის მიზანია "რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების გასაჯაროება", შემდგომში კი - მათი ვინაობის ციფრულ ფორმატში შენახვა.