პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შარშან ქვეყანას უსამართლოდ მოექცნენ და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარი იქნება ევროპის გადაწყვეტილება.
"დღეს საქართველო იმყოფება საკმაოდ რთულ ვითარებაში. გეოპოლიტიკური ვითარება არის ძალიან შეცვლილი მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში ომი და იცით, რომ პირველი ომი ჩვენს ქვეყანაში იყო, 2008 წელს, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია რუსეთის მიერ. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის სწორი, პრაგმატული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგად დღეს ქვეყანაში გვაქვს ერთადერთი, უპრეცედენტო, მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი, რამაც მოიტანა კონკრეტული, ხელშესახები, ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა და კეთილდღეობა მოუტანა ჩვენს ხალხს. აქვე, მინდა აღვნიშნო და ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერი არის ინფორმირებული, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის.
შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში, როცა ამ გადაწყვეტილებას უწოდა ამორალური და უსამართლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ შეგვესრულებინა 12-ვე რეკომენდაცია, რომლებიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ. პროცესი ახლაც გრძელდება. ეს მუდმივი პროცესია. ბუნებრივია, ჩვენ წლის ბოლოს ველოდებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც, ვფიქრობ, ექნება მყარი საფუძველი. რაც მთავარია, მინდა, აღვნიშნო, რომ თუ დამსახურებაზეა საუბარი, ბუნებრივია, საქართველომ დაიმსახურა, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომელ ქვეყნებსაც მისცეს სტატუსი და მათთან შედარებით საქართველო არის ორჯერ, სამჯერ წინ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს საჯარო მმართველობა, გამჭვირვალობა, კორუფციის კონტროლი, მართლმსაჯულების რეფორმები, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა.
იქნება ეს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება თუ პოლიტიკური, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანწილად არის უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის არჩევანი. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას და რაციონალურობას იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება. ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. მე კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს," - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრების ერთობლივ ბრიფინგამდე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რისი დასრულების შემდეგაც ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან დაკავშირებული ცხრა მემორანდუმი გაფორმდა.