15 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
"გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" "რუსული მონური რეჟიმის" მსახურების გამოაშკარავების სადარაჯოზე - როგორ აფასებს მმართველი გუნდი ახალი პლატფორმის იდეას

პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები, მოსამართლეები, საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულები, მედია, ბიზნესი და სასულიერო პირები - ეს "დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ახალი პლატფორმის სამიზნე ჯგუფების არასრული ჩამონათვალია.

ავტორების თქმით, მათი მიზანი ყველა იმ პირის გამოაშკარავებაა, რომელიც მათივე შეფასებით, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ დღეს პრეზენტაციაზე მედიას უთხრეს, რომ იდეა რუსეთის მსახურების გამოვლენას ემსახურება. უკვე არსებობს პლატფორმისთვის შექმნილი ვებგვერდიც, სადაც იდეის ავტორების განცხადებით, მათთვის მიუღებელი პირების ვინაობაზე ინფორმაცია ციფრულ ბაზაში აისახება.

პოლიტიკურ და ადამიანურ მორალზე "დროასა" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერებს "ქართულმა ოცნებამ" დღეს რამდენჯერმე მიუთითა. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ პირველი, ვინც რუსეთთან კავშირში მხილების ბაზაში უნდა მოხვდეს, სწორედ ხოშტარიაა - რუსეთიდან მიღებული ფინანსების გამო.

ანალოგიური შეკითხვები ელენე ხოშტარიასთან ოპოზიციის ნაწილსაც აქვს, ნაწილისთვის კი ახალი ინტერნეტ პლატფორმის შექმნის მიზანიც, ფორმაც და იდეაც მოსწონს.

"დროასა" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერების ინიციატივამ მმართველ პარტიას სუს-ის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებიც გაახსენა. "ქართული ოცნება" პარალელს "კანვასის" წევრების მიერ ჩატარებულ ტრენინგთან ავლებს. სახელისუფლებო ძალაში აცხადებენ, რომ ხოშტარია-ჯაფარიძის იდეა სწორედ ამ გეგმის ნაწილია.

მმართველი პარტია ხოშტარია-ჯაფარიძეს იმ პოლიტიკური მოკავშირეების გასაჯაროებისკენაც მოუწოდებს, ვინც "ქართული ოცნების" შეფასებით, "დროას" ლიდერის გარდა რუსეთთანაა კავშირში.

დღის ამბები