ლარნაკაში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის და პარტიის მენეჯმენტის დავით კეზერაშვილთან 3 დღიან შეხვედრებთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება.
ნიკა მელიას ფლანგი "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. მათი განცხადებით, თუ დავით კეზერაშვილი ცვლილებებზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ამას არავის შეეკითხება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ყველას მოუწევს გადაწყვეტილების მიღების დროს დაეკითხოს, როგორ მოიქცეს.
"არაფორმალური მმართველობა არის პარტიაში. ლევან ხაბეიშვილი იქნება თუ არ იქნება, ან სხვა იქნება მის მაგივრად, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა თავმჯდომარეს მოუწევს გადაწყვეტილების მიღების დროს ჩავიდეს და ბატონს კითხოს, როგორ უნდა მოიქცეს და ის როგორ უყურებს, როგორც თავად ეძახიან ამ პროექტს. სასაცილოა დიდ გაერთიანებაზე საუბარი, არა მგონია, ამ ქვეყანაში ცხოვრობდეს ისეთი ხალხი, რომლებიც ამ გაერთიანებაზე სასაუბროდ ჩავლენ და ეახლებიან ხოლმე არაფორმალურ მმართველს, მათ შორის კეზერაშვილს ან მერაბიშვილს. არაფორმალური მმართველობის გავლენები იმხელა არის, რომ ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, რომ ხაბეიშვილი უნდა გაუშვან, ხაბეიშვილს აუცილებლად გაუშვებენ. რაც შეიძლება მალე უნდა მოვშორდეთ ამ ხალხს, არ უნდა ვასოცირდებოდეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც არაფორმალური გავლენების ქვეშ არიან," - აცხადებს დიმიტრი ბიძინაშვილი.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, დავით ხაჯიშვილი ამბობს, რომ არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ იქნება ობიექტური.
"ჩვენ ყველას შევხვდებით, ვინც არის დაინტერესებული საქართველოს ნათელი მომავლით. იმ შეხვედრაზეც იყო არა ერთი პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, იყო მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც წაადგება ჩვენს ბრძოლას. ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება ის არის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ დიდი კოალიცია ქართული ოცნების წინააღმდეგ,“ - აცხადებს დავით ხაჯიშვილი.