15 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
მელია იქნება თუ დოლიძე, მათი გარიცხვის საკითხი დღემდე არ განხილულა - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ ადასტურებენ, რომ პარტიის სამდივნოზე საკუთარი რიგებიდან პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას და ყოფილ საორგანიზაციო მდივნის, ბაჩო დოლიძის გარიცხვის საკითხი განიხილეს, თუმცა მათი შეფასებით, აღნიშნული პირები დიდი ხანია აღარ მოქმედებენ პარტიული დღის წესრიგით.

"ან იბრძვი საქართველოს მომავლისთვის, ან არ იბრძვი და თავისთავად არ ხარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ფორმალობა, წევრობა/არ წევრობა არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტი არის მოქმედება და თავისი მოქმედებებით ნიკა მელია და ბაჩო დოლიძე დიდი ხანია აღარ მოქმედებენ იმ სტრატეგიით და დღის წესრიგით, რომლითაც მოქმედებს "ნაციონალური მოძრაობა". აქედან გამომდინარე, ფორმალური მხარე ამ ყველაფრის საერთოდ არ მიმაჩნია, რომ დღეს არის გადამწყვეტი," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ვასო ურუშაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიის სამდივნოზე დღეს, ნიკა მელიასა და ბაჩო დოლიძის გარიცხვის საკითხი არ განხილულა. მისივე თქმით, პარტიიდან ვინმეს გარიცხვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლია წესდებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს სათანადო არგუმენტაციით.

"მელია იქნება თუ დოლიძე, მათი გარიცხვის საკითხი დღემდე არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე რაღაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს. თუკი რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას მიიღებენ წესდებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები," - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

დღის ამბები