პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა რობინ დანიგანს წარმატებები უსურვა ახალ საქმიანობაში და გამოთქვა აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე მასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.
აშშ-ის ახალმა ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებისა და მისი მისია იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ყველა მიმართულებით შემდგომი განმტკიცება და რომ, ამ მხრივ, მზად არის საქართველოს პარლამენტთან აქტიური მუშაობისთვის.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები, აშშ-ის ახალი ელჩის გეგმები და ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.