პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატები ხვალ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობისთვის შეიკრიბებიან. სწორედ ამ დარბაზში გადაწყდება, მოუწევს თუ არა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტის იმპიჩმენტის წესით დატოვება. ვიდრე საკანონმდებლო ორგანო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, სალომე ზურაბიშვილს მთავრობის მეთაურმა შეახსენა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ დადგება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევას სამწუხარო უწოდა. "კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მცდელობა" - მმართველ პარტიაში დღესაც თქვეს, რომ პრეზიდენტს სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდა, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესთან თანხვედრაშია. რატომ არ სურს პრეზიდენტს ოპოზიციის დარბაზში ყოფნა?! სალომე ზურაბიშვილის განცხადების განმარტება მის საპარლამენტო მდივანს მოუწია.
გიორგი მსხილაძის თქმით, პრეზიდენტის მოტივია, რომ მას ამ ფორმით რისკების დაზღვევა სურს. პრეზიდენტის დამოკიდებულება ოპოზიციის ნაწილისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. "გირჩებში" არ ესმით, რატომ უნდა თქვან უარი განხილვაში მონაწილეობაზე. "ნაციონალური მოძრაობა" კი პრეზიდენტის პოზიციას სრულად იზიარებს. ეს პოლიტიკური ძალა ყველას მოუწოდებს სხდომაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ. პარტიების უმრავლესობაში სალომე ზურაბიშვილის მოწოდებამ გეგმები უკვე შეცვალა.
საპარლამენტო ჯგუფები და ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც დარბაზში ყოფნას ლობირებდნენ, დღეს უკვე ფიქრობენ, რომ მზად არიან პროცესებს დარბაზს მიღმა ადევნონ თვალი.
სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაში "ქართულმა ოცნებამ" ორი მთავარი გზავნილი ამოიკითხა. ერთი ის, რომ პრეზიდენტი ცალკეულ ოპოზიციონერებს არ ენდობა და მეორე ის, რომ მათ გარიდებას ცდილობს იმ უხერხული მდგომარეობიდან, რასაც კონსტიტუციის დარღვევაზე და ქვეყნის მთავარი კანონის დაცვაზე მსჯელობა გულისხმობს. ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით უცნობია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავარი ახლა ისაა, რომ ქვეყანაში კანონის პატივისცემა ყველას თანაბრად მოეთხოვება. სამართლებრივი ვერდიქტის შემდეგ ჯერი ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა. პრეზიდენტის იმპიჩმენტი განხორციელებულად 100 დეპუტატის თანხმობის შემთხვევაში ჩაითვლება.