საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში წარადგინა.
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობდა.
"2022 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობდა. აღნიშნულის ფარგლებში, სამსახური ახორციელებდა ტერორისტული საფრთხეების იდენტიფიცირებასა და გამოვლენას, ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებისა და გაზიარების კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ტერორისტულ გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებას, კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესებასა და გამოწვევებზე/ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უშუალოდ ჩართული დანაყოფების შემადგენლობის მუდმივი მომზადება და პროფესიული განვითარება სამსახურის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლდათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული ძალისხმევისა და აღნიშნული მიმართულებით სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, საქართველო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ხელსაყრელ სამოქმედო არეალს არ წარმოადგენდა.
ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევა პოზიტიურად იქნა შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ტერორიზმის კუთხით, სტაბილურად მშვიდი გარემო არსებობდა, ასევე, ქვეყანას შეუძლია ტერორისტულ ინციდენტებზე სათანადო რეაგირება, მათი აღკვეთა და გამოვლენა.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად აღჭურვილი და მომზადებულია, რეგულარულად მიმდინარეობს სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფის შესაძლებლობების გაძლიერება.
"ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში "გლობალური ტერორიზმის ინდექსი", ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას, საქართველომ ბოლო ადგილი (ისევე როგორც რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ) დაიკავა, რაც გულისხმობს, რომ 2022 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.
სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების და ძალისხმევის შედეგად, საქართველოში რადიკალური/ექსტრემისტული კერები და ტერორისტული თავდასხმები არ დაფიქსირებულა, ასევე ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.