რატომ შეცვალა ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის მიმართ მწვავე, ხშირად - შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოხსენიების ფორმა - საპარლამენტო უმრავლესობა ყველაზე ხშირად დღეს სწორედ ამ კითხვას სვამდა. დეპუტატები ფიქრობენ, რომ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების რიტორიკის ცვლილება, რომლებიც ზურაბიშვილს ოკუპანტი ქვეყნის აგენტად მოიხსენებდნენ, დღეს მათ საერთო პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება.
სატელევიზიო არქივი, პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ არაერთ მძიმე ბრალდებას მართლაც ინახავს.
ამ განცხადებების ავტორებსა და მათ თანაპარტიელებს დღეს პასუხის გაცემა უჭირთ - რა შეიცვალა რამდენიმე წელიწადში და შესაძლოა თუ არა მოკლე დროში პოლიტიკური შეხედულების კარდინალურად ცვლილება?.. ამტკიცებენ, რომ წარსულში მათ მიერ მტრად გამოცხადებული პრეზიდენტი ახლა ევროინტეგრაციის ერთადერთი გასაღებია.
შეცვლილი რიტორიკა “ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაფორმებულ ღია ალიანსს დაუკავშირა ირაკლი კობახიძემ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ზურაბიშვილი გუშინ "ნაცმოძრაობის" მთავარი მოკავშირე გახდა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მეხუთე პრეზიდენტს, დღეს, წარსულისგან განსხვავებით, აქებდნენ. ამბობდნენ, რომ ქვეყანაში მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტი მუშაობს. თუმცა ამტკიცებდნენ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილის შეფასებაში აზრი არ შეუცვლიათ.
ოპოზიციას ზურაბიშვილი საკუთარი მიზნების მისაღწევად სჭირდება - ასე აფასებს პრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარე პროცესს პარლამენტის თავმჯდომარე.
საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დღის დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. თუმცა პარლამენტში ზურაბიშვილი იმპიჩმენტს ოპოზიციამ გადაარჩინა.