"მთავარი არხის" დამფუძნებელი არ უარყოფს, რომ კეზერაშვილთან მეგობრობს და ხშირი კომუნიკაციაც აქვს. თუმცა, გვარამიას თქმით, მისი პოლიტიკური გეგმები ახლა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ დაფინანსებულ პარტიას არ უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, "კურიერი P.S-მა" კვიპროსში დავით კეზერაშვილისა და "ნაცმოძრაობის" მენეჯმენტის შეხვედრის დეტალები გაარკვია, სადაც პარტიის ახალი ბორდის შექმნა დაიგეგმა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბორდს ნიკა გვარამია უხელმძღვანელებდა.
ნიკა გვარამიასგან განსხვავებით, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პარტნიორები, "მთავარი არხის" დამფუძნებელთან საერთო პოლიტიკურ მომავალს ხედავენ. "სტრატეგია აღმაშენებელში", რომელიც 2024 ის არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად გამოსვლას გეგმავს, ადასტურებენ, რომ ბორდის ფორმირება მართლაც მიმდინარეობს.
ახალი სამეთვალყურეო საბჭოს იდეას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ყოფილი თავმჯდომარე. ნიკა მელია შეფასებაში დღეს ყველაზე მწვავე იყო, რომელმაც თავისი სტატუსით, "ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.
მელიას რიტორიკა მისმა თანამოაზრეებმაც გაიზიარეს. პარტიის მენეჯმენტთან დაპირისპირებული ფრთა დარწმუნებულია, რომ ახალი ბორდი, ხაბეიშვილისთვის ისედაც ნომინალური ფუნქციების ჩამოსართმევად იქმნება, რაც ჩრდილოვანი მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე მიუთითებს.
პარტიაში ფუნქციის შენარჩუნების გარანტად, ხაბეიშვილი ელექტრონული არჩევნების შედეგებს ასახელებს, ახალი საბჭოს ჩამოყალიბებაზე ინფორმაციას ვერ უარყოფს და ამბობს, რომ გვარამიას მისვლას "ნაცმოძრაობაში" ნებისმიერი ფორმით მიესალმება. წინამორბედს კი, სახელისუფლებო პოლიტიკური გზავნილების გაჟღერებაში ადანაშაულებს.
მალე გაირკვევა, შეძლებს თუ არა პარტიაში არსებული ვითარების შეცვლას, კეზერაშვილის მიერ ახალი ბორდის შექმნის იდეა. ყოფილ ძალოვანს ახალი ბორდის ფორმირება, სავარაუდოდ უკვე გაყოფილ პარტიაში მოუწევს.