საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, აღნიშნა, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. მისივე თქმით, მათი პოზიცია და პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია.
"ფორმატში [3+3], სადაც წარმოდგენილია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ცალკეული ჯგუფებისთვის. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია, "- განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თეირანში 3+3-ის პლატფორმის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის 3+3-ის ფორმატის კარი ღია რჩება.
"გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ "ექვსეულს" შეუერთდეს,"- აღნიშნა ლავროვმა.