პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი განცხადებით, ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში.
მისი თქმით, რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების მეშვეობით შეუძლია ინსპირირება გაუკეთოს სხვადასხვა სახის დაძაბულობას რეგიონში.
„მიმდინარე წელს, საქართველოსთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციას ყველაზე ფართო მხარდაჭერა ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი ამ ფორმატის დამსახურებაა, რომ ეს ქვეყნები იხრებიან იმისკენ, რომ მხარი დაუჭირონ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციას. ერთი მხრივ, მინდა, კოლეგებს მადლობა გადავუხადო და მეორე მხრივ, მოვუწოდო, რომ ეს მხარდაჭერა გააგრძელონ. გარდა ამისა, საუბარი მექნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღევანდელ სამყაროში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის, როცა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების მეშვეობით შეუძლია ინსპირირება გაუკეთოს სხვადასხვა სახის დაძაბულობას ქვეყანასა და რეგიონში. ასევე, საუბარი მექნება იმ შიდა გამოწვევებზე, რაც ბევრ ქვეყანას აქვს - ეს არის დეზინფორმაციული კამპანიები, რაც გარე და შიდა ფაქტორებით არის განპირობებული. ვისაუბრებ, ამის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტებზე. პარლამენტი რაც უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური იქნება, უფრო მეტად შეეძლება დეზინფორმაციას გაუმკლავდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.