15 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
"საქართველო კარგ ფორმაშია იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდეს" - ვიქტორ ორბანი

საქართველო კარგ ფორმაშია, მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა. ეს არის ბოლო შეკრება დეკემბრის სამიტამდე, რომელზეც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდება. იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ სამიტზე საქართველო არ ყოფილა დღის წესრიგში, მხარდამჭერი განცხადება მედიასთან ვიქტორ ორბანმა გააკეთა.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე - ომი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინა და ეკონომიკური საკითხები.

"საქართველო კარგი ქვეყანაა, ის კარგ ფორმაშია იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. დღეს გვექნება დისკუსიები, შევიმუშავებთ ტექსტს. იმედი მაქვს, ამ დისკუსიის შედეგი იქნება ის, რომ საქართველო ტექსტში აღნიშნული იყოს, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო. წარმატებებს გისურვებთ,” - აცხადებს ვიქტორ ორბანი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა აჩვენოს, რომ ის ერთიანია პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად. 

"ასეთ რთულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი ერთიანია, ჩვენი პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს, რომელიც ცდილობდა თავის დაცვას საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ჩვენ ვგმობთ ჰამასს და ამ ძალადობრივ ტერაქტს. მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველთვის და ყველგან უნდა იყოს დაცული. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც ამას დასჭირდება," - ამბობს შარლ მიშელი.

დღის ამბები