18 ოქტომბერი 2024,   09:19
ვრცლად
"შესაძლებელია რუსეთის დასასჯელად და იმისთვის, რომ რუსეთმა არ იფიქროს, ევროპამ საქართველო მიატოვა, ამიტომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი" - პაატა მანჯგალაძე

როგორია პოლიტიკური შეფასებები კანდიდატის სტატუსის მოლოდინებთან დაკავშირებით - ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების დასკვნით დოკუმენტს გამოეხმაურნენ, სადაც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, შესაძლებელია ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამით ევროპამ რუსეთს გზავნილი გაუგზავნოს.

"კარგია, ევროპელები გვერდში გვიდგანან... [თუმცა] ცალი ფრთით ვერ გავფრინდებით. იმისთვის, რომ გავფრინდეთ, გვჭირდება მეორე ფრთა, ანუ, ხელისუფლების ნება და ეს არ გვაქვს. რამდენად გავფრინდებით ცალი ფრთით, ვნახავთ აგერ 8 ნოემბერს.

შესაძლებელია რუსეთის დასასჯელად და იმისთვის, რომ რუსეთმა არ იფიქროს, ევროპამ საქართველო მიატოვა, ამიტომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და ასოცირებული ტრიოს[საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] ფორმატის შენარჩუნება.

ცნობისთვის, ისტორიულ გადაწყვეტილებამდე, საქართველო, დასავლეთიდან კიდევ ერთ მხარდამჭერ გზავნილს იღებს. "ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე" - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, ევროპული საბჭოს სხდომაზე, დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზადაა მჭიდროდ იმუშაოს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან, და სამივე ქვეყანას ევროპულ გზაზე, რეფორმების განხორციელების პროცესში დაეხმაროს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტშია საუბარი სამივე ქვეყნის მხარდაჭერაზე.

 

დღის ამბები