18 ოქტომბერი 2024,   09:22
ვრცლად
მოველით, რომ ძალიან დიდი ალბათობით საქართველო დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების დასკვნით დოკუმენტს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი.

თალაკვაძის შეფასებით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ქვეყნის კურსი ევროპულია.

"საქართველო დღეს არის უფრო ევროპული, უფრო თავისუფალი და უფრო განვითარებული ქვეყანა, ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ და საქართველოს დღეს ნამდვილად აქვს ევროპული ტრაექტორია. ეს ყველაფერი ჩანდა ჯერ კიდევ ზაფხულში გამოქვეყნებულ შეფასებაში.

ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო სამართლიანად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და სულ უფრო მეტი ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპაში ამ გადაწყვეტილებას უჭერს მხარს. ამიტომ მოველით, რომ ძალიან დიდი ალბათობით, საქართველო დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს დოკუმენტიც, რომელიც ახლა ევროკომისიამ დაამტკიცა, არის ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ჩვენ განვაგრძობთ რეფორმებს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ევროპული დღის წესრიგი, გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ისტორიულ გადაწყვეტილებამდე, საქართველო, დასავლეთიდან კიდევ ერთ მხარდამჭერ გზავნილს იღებს. "ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე" - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, ევროპული საბჭოს სხდომაზე, დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზადაა მჭიდროდ იმუშაოს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან, და სამივე ქვეყანას ევროპულ გზაზე, რეფორმების განხორციელების პროცესში დაეხმაროს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტშია საუბარი სამივე ქვეყნის მხარდაჭერაზე.

 

დღის ამბები