პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, წუთიერი დუმილით, პატივი მიეგოთ თამაზ გინტურის ხსოვნისთვის.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2008 წლის ომის ვეტერანის, თამაზ გინტურის მკვლელობამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა ქვეყნის ოკუპაციაა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის მთავარი ეროვნული ამოცანა ოკუპაციის დასრულება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
„6 ნოემბერს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ, 2008 წლის ომის ვეტერანის, თამაზ გინტურის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმძიმე არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ხელყოფა და ოკუპაცია. ოკუპაციას ეწირება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის უნდა იყოს ოკუპაციის დასრულება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ თამაზ გინტურის ხსოვნას,’’ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.