19 სექტემბერი 2024,   05:24
ვრცლად
შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი, ცნობილი მხატვარი, მუსიკოსი, ტელეწამყვანი, მომღერალი, ექიმი - დრაკონის წელში დაბადებული ცნობილი სახეები

2024 დრაკონის წელია, რომელიც ასტროლოგებისთვის, პირველ რიგში, ძლევამოსილებას და კეთილშობილებას განასახიერებს.

ვისთვის როგორი იქნება ახალი წელი - ეს კითხვა ყველასთვის აქტუალურია, თუმცა მითიური გიგანტისგან კარგ ამბებს განსაკუთრებით ელოდებიან ისინი, ვინც ჩინური კალენდრის მიხედვით, სწორედ დრაკონის წელში დაიბადნენ, მათ რიგებში არიან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები.

შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი, მხატვარი, მუსიკოსი, ტელეწამყვანი და ინფექციონისტი - "კურიერმა" ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებზე, რომელთაც მითიური არსება აერთიანებთ, სიუჟეტი მოამზადა. ამასთან, ზაალ სულაკაურმა დრაკონის წელში დაბადებულების პროფესიული და ემოციური მდგომარეობა კარიკატურას კარგად მოარგო.

ვარსკვლავთმრიცხველებს ერიდება, რადგან წინასწარი პროგნოზები აშინებს, თუმცა მითიურ არსებასთან ვირტუალურ მსგავსებას ხედავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრაზდება - მუსიკოსი და გიტარისტი ხვიჩა მაღლაკელიძე სწორედ დრაკონის წელში დაიბადა.

გამორჩეული ვიზუალური მონაცემების გამო ადვილად იმსახურებს საზოგადოებაში ნდობას და განსაკუთრებით პატარების სიმპათიას. შვიდგზის მსოფლიო და ექვსჯერ ევროპის ჩემპიონი - ქართველი ჰალკი ლევან საგინაშვილი დრაკონის მანტიას მხოლოდ ჩემპიონატზე, შეჯიბრის დროს კარგად ირგებს. მომდევნო წლის გეგმები უკვე შედგენილი აქვს, მორიგი წამატების მოსაპოვებლად ემზადება.

"რუსთავი 2-ის" "შუადღის" ერთ-ერთი თანაწამყვანი ნინუცა მაყაშვილი მითიურ ცეცხლს მაყურებელს პირდაპირ ეთერში უნთებს. სახალისო ელემენტებით დახატული პორტრეტი მის ხასიათს კარგად ასახავს. ზოდიაქოს ნიშნების სჯერა, თუმცა ასტროლოგიური პროგნოზის იმ ნაწილის, სადაც მხოლოდ პოზიტიური სიახლეებია.

დრო თითქმის არასდროს აქვს. ინტერვიუს ჩაწერა ოჯახურ გარემოში ახლაც ვერ შევძელით, თუმცა გარემო, სადაც ცხოვრების ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული, მისთვის მეორე სახლია. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ფიქრობს, რომ ზოდიაქოს ნიშნებს გავლენა ადამიანის უნარ-ჩვევებზე მაინც აქვს, თუმცა ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს არ ეცნობა.

"რუსთავი 2-ის" მეგა შოუ "ნიჭიერის" გამარჯვებულს მიაჩნია, რომ ინდივიდუალიზმი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მთავარი მახასიათებელია, რაც ბარბარე სამხარაძის წარმატების ფორმულაა. დრაკონის წელში დაბადებულებს ცეცხლოვანი არსება გამბედაობას და უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.

სჯერათ თუ არ სჯერათ დრაკონის წელში დაბადებულებს ასტროლოგიური პროგნოზის, ზუსტად იციან, რომ თავიანთი გეგმებისა და მიზნების მისაღწევად ათვლა უკვე დაწყებულია.

 

 

დღის ამბები