16 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
მზად ვიყავით წავსულიყავით დათმობაზე... გაერთიანებას განვიხილავთ, რომ შევძლოთ ისეთი ძალის შექმნა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ორპოლუსიანობის დასრულება - მიხეილ დაუშვილი გახარია - ხაზარაძის გაერთიანებაზე

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შესაძლო გაერთიანებაზე "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.

წამყვანის კითხვაზე, მაშინ როდესაც, მიმდინარე წლის იანვარში გიორგი გახარია ამბობდა, რომ "ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო" - რატომ შეიცვალა ეს მოცემულობა? - დაუშვილი პასუხობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესები, ამასთან, მისივე თქმით, უპირატესია ორპოლუსიანობის დასრულება, მნიშვნელოვანია გარკვეული გაერთიანებები, რაც გარკვეულ დათმობებს მოითხოვს.

"ჩვენთვის ყოველთვის მთავარი მიმართულება იყო ორი რამ - ცალსახად გვქონდა ნათქვამი, რომ ჩვენთვის "ნაცმოძრაობა" იყო წითელი ხაზი და მათთან არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდგომ არავითარ გაერთიანებას და კოალიციას არ განვიხილავდით. ამასთანვე, ჩვენ ღიად ნათქვამი გვქონდა, რომ "ქართული ოცნება" არის მიუღებელი. დიახ, ჩვენი სტრატეგია ნამდვილად იყო ის, რომ ჩვენ გავდიოდით დამოუკიდებლად და მარტო არჩევნებზე, მაგრამ, ასევე, ისიც ნათქვამი გვქონდა, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესები და ამის შემდგომ არის ჩვენი ვიწრო პარტიული ინტერესები. თუ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის საჭირო არის გაერთიანება და გაძლიერება გარდა ამ წითელი ხაზებისა და მიუღებელი პარტიებისა, ჩვენ მზად ვიყავით წავსულიყავით დათმობაზე. ყველა გაერთიანება თუ კოალიცია მოითხოვს გარკვეულ დათმობებს.

როდესაც მეკითხებით, რომ მაშინ ასე ამბობდით და ახლა რა იცვლება - მარტივი ამბავია, ჩვენი მიზანი არასდროს არ ყოფილა როგორმე პარლამენტში მოვხვდეთ. ეს მიზნები აქვთ სამწუხაროდ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, მაგრამ ჩვენთვის ეს მიზანი არც ყოფილა და არც დღეს არის, რომ როგორმე ახლა ჩვენ ბარიერი გადავლახოთ და პარლამენტში მოვხვდეთ, ამის გამო პოლიტიკაში ყოფნას, ჩემი აზრით, საერთოდ შინაარსი არ გააჩნია. ჩვენ გაცილებით უფრო დიდი მიზანი გვაქვს. დღეს რომ იყოს ჩვენი მიზანი როგორღაც პარლამენტში მოხვედრა, მაშინ არ გვჭირდება არავისთან არც გაერთიანება, არც კოალიციაზე ფიქრი. ბევრნაირი კვლევით, ცალსახად დასტურდება, რომ ჩვენ ბარიერის გადალახვის პრობლემა კი არაა, რეალურად ორნიშნა მხარდაჭერა გვაქვს. ფაქტობრივად ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც იზრდება. ჩვენი მიზანი არის ამ ქვეყანაში დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა, "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" პოლარიზაცია. ჩვენ გაერთიანებას განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ იმ კონტექსტში ამ გაერთიანებით ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ძალის შექმნა, რომლითაც შესაძლებელი იქნება "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" ორპოლუსიანობის დასრულება," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები