19 სექტემბერი 2024,   17:59
ვრცლად
წყალდიდობამ ევროპაში 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - კატასტროფის მიზეზად სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ

წყალდიდობამ ევროპაში 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კონტინენტი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის. მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 ადამიანის პოვნას ამ დრომდე ცდილობენ. 7 ქვეყნის რეგიონებში ქარიშხალმა "ბორისმა" მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.

უნგრეთი საგანგებო მზადყოფნის რეჟიმზეა გადასული. უკვე გაცემულია შესაბამისი ნებართვებიც - მდინარე დუნაის კალაპოტზე 500 კილომეტრის რადიუსზე დამბებს წყლისგან ცლიან. ქალაქებში დამცავ ჯებირებს აგებენ. ბუდაპეშტში მოქალაქეებმა მერიის გაფრთხილება უკვე მიიღეს, დედაქალაქის კომუნალური სამსახური უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ წყალდიდობას პროგნოზირებს. მოსალოდნელია, რომ დუნაის წყლის დონე 9 მეტრით აიწევს და სანაპიროებს გასცდება.

რთულია ვითარებაა მეზობელ ავსტრიაში, სადაც ალპური მდინარეების ადიდების შედეგად რამდენიმე ფედერალური მხარე დაიტბორა, მათ შორისაა ქვედა ავსტრია, ზალცბურგი და ტიროლი. განადგურებულია სოფლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. არის მსხვერპლი.

ევროპაში დატრიალებულ ტრაგედიას პანთიფიკოსი ეხმაურება. პაპი ფრანცისკე კონტინენტის მცხოვრებლებს ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

ევროპაში დატრიალებული კატასტროფის მიზეზად ჰიდრომეტეოროლოგები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. ახლა ქარიშხალი პირინეის ნახევარკუნძულისკენ მიიწევს, სტიქიასთან შესახვედრად იტალიის მცხოვრებლები ემზადებიან.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები