16 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ორი რაუნდი ცოტაა იმისთვის, რომ წარსულში დაპირისპირებული პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰქონდა ერთმანეთთან გაურკვევლობა და ურთიერთბრალდებებიც, შეთანხმდნენ - ირაკლი კუპრაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბუნებრივია, რომ მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, რადგან მხარეებს წარსულში გაუგებრობა და ურთიერთდაპირისპირება ჰქონდათ.

როგორც კუპრაძე გადაცემა "ღამის კურიერთან" საუბარში აღნიშნავს, მოლაპარაკებები მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ ნაწილსაც.

"მამუკა ხაზარაძეს, როგორც წარმომადგენელს, აქვს სრული მხარდაჭერა კოალიციის სხვადასხვა სუბიექტებისგან. კოალიცია შედგება ოთხი სუბიექტისგან ეს არის - "ლელო საქართველოსთვის", პარტია "ხალხისთვის" და პარტია "მოქალაქეები" , მათი მხრიდან სრული თანხვედრა არსებობს ხედვაში.

ორი რაუნდი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ წარსულში დაპირისპირებული პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰქონდა ერთმანეთთან გაურკვევლობა, ურთიერთბრალდებებიც, შეთანხმებას მიაღწიონ, ეს წარმოუდგენელია.

გულწრფელად უნდა ითქვას, რომ სანამ ეს შეხვედრა შედგებოდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, მანამდე არანაირი კონსულტაციები ჩვენს პარტიებს შორის არ ყოფილია. ახლა გაიხსნა მოლაპარაკებების ის მინიმალური შესაძლებლობები, რომლის გამოყენებასაც ვცდილობთ. ძალიან მარტივი და გასაგები მიზეზების გამო - შევძლოთ კოორდინაცია და აკუმულირება იმ მხარდაჭერის და ძალისხმევის, რომელიც არის შუა ველზე შეკრებილი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას " შორის.

დაახლოებით ერთი წლის წინ, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა ასეთი განაცხადი, რომ შუა უნდა შეიკრიბოს. ბიძინა ივანიშვილმა შუა გაკრიფა და საკუთარ მოწინააღმდეგედ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ამით გაიმყარა საკუთარი თავი, საკუთარი დანაშაულების გამართლების საფუძველი ჰქონდა ყოველთვის, წარსულზე იშვერდა ხელს. ბიძინა ივანიშვილმა თუ თქვა, შუა გაიკრიფოს, ჩვენ ვამბობთ, რომ შუა უნდა შეიკრიბოს. შუას შეჯერების პროცესში ვიმყოფებით დიდი ხანია.

კონსულტაციები და მოლაპარაკებები თავის თავში მოიცავს როგორც ტექნიკურ, ასევე პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის, წარსულის შეფასების ნაწილსაც, მომავლის შეფასებასა და მომავლის ხედვებს, როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, შეთანხმებული პოზიციების გახმოვანება, რა პროპორციებით იქნება წარმოდგენილი, რა ძირითადი პლატფორმა იქნება და ა.შ. ამ ყველაფერზე მიდი საუბარი" - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღის ამბები