16 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
არასამთავრობოების ანგარიშები - მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებსა და მესამე სექტორს შორის წარმოსახვითი ზღვარიც წაშლილია

მმართველი გუნდის მტკიცებით, ოპოზიციურ პარტიებსა და მესამე სექტორს შორის წარმოსახვითი ზღვარიც კი წაშლილია. სახელისუფლებო პარტიაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მათი დამფინანსებლების ობიექტურობის არ სჯერათ. ამბობენ, რომ ზეპარტიული პრეზიდენტის ინსტიტუტის საარჩევნო პროცესში მხარედ ჩართვა, ოპონენტების მხრიდან მათი სარეკლამო ატრიბუტიკის დაზიანება და ცესკო-ს მიერ შეთავაზებულ ქცევის კოდექსზე უარის თქმა, მუდმივად მათი ანგარიშების მიღმა რჩება.

მმართველი გუნდის პრეტენზიებს კონკრეტული პასუხი, დღეს, მესამე სექტორში არ გასცეს. "საიამ" წინასაარჩევნო კვლევის პრეზენტაციაზე კვლავ მხოლოდ სახელისუფლებო ძალის მხრიდან დარღვევებზე ისაუბრა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ოპოზიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომებს არ უარყოფენ, თუმცა ვერ ხსნიან რატომ არ ხვდება ის მათ დასკვნებში.

მესამე სექტორის ობიექტურობას არაერთგვაროვნად აფასებენ ოპოზიციაში. "გირჩი" მათ მიუკერძოებლობაში დარწმუნებული არაა. სხვა პარტიებში კი ფიქრობენ, რომ არასამთავრობოები საარჩევნო პროცესის ყველაზე ობიექტური მონიტორები არიან.

სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია რომ წინასაარჩევნო პროცესს იდენტურად აფასებს - არ უკვირს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. ირაკლი კობახიძემ, დღეს, ოპონენტებისა და ენჯეოების ერთობლივი საარჩევნო შეხვედრებიც გაიხსენა. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ორივე მხარეს საერთო პოლიტიკური მიზნები და დაკვეთა აქვს.

საპარლამენტო არჩევნებამდე 38 დღე რჩება. პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად, მესამე სექტორი პროცესს აკვირდება და შუალედურ დასკვნებს აქვეყნებს. ამ დრომდე, მათ ანგარიშებში ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტივობის შესახებ არაფერი მოხვედრილა.

დღის ამბები