უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ალტერნატივა არ აქვს და ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
როგორც მიქანაძემ "ღამის კურიერთან" საუბარში აღნიშნა, თუ პროცესი სწორად წარიმართება, აუცილებლად მიაღწევენ იმ შედეგს, რომელიც უკვე 30 წელია ყველა მოქალაქის სატკივარია და უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
"2012 წლის პირველი ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, გაცხადებული გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ძალია დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ პარტნიორებთან ერთად, არაღიარების კუთხით, მნიშვნელოვანი წარმატება გვქონოდა. წლიდან წლამდე, გაეროს ასამბლეაზე უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ეს საერთაშორისო დონეზე ძალიან დიდი წამატებაა. აქვე უნდა გავიხსენოთ სამართლიანობის პრინციპის აღდგენა, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოჰყვა. "ქართული ოცნების" ძალიან დიდი ძალისხმევაა, რომ ეს შედეგები დამდგარიყო.
ოპოზიცია მანიპულაციურად შეეცადა კამპანიის წარმოებას გაჟღერებულსა და მათ მიერ გაგონილს შორის. მესამე გზა არ არსებობს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხდება ან საომარი გზით, ან სამშვიდობო გზით. 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან განვაცხადეთ, რომ არავითარ საომარ მოქმედებებზე არ გვაქვს ორიენტირი, მხოლოდ მშვიდობიან გზაზე, მაგრამ მშვიდობიანი გზის გაცხადება, თუ ნაბიჯები არ გადაიდგა, შეუძლებელია. როდესაც საუბარია შერიგებაზე, შერიგება მონანიებისა და ურთიერთმიტევების გარეშე შეუძლებელია. აქ საუბარი არის აფხაზ, ოს დებსა და ძმებზე. შავი პაირული კამპანია აწარმოეს ჩვენმა ოპონენტებმა. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ რეალურ სახეს და მათ ზრახვებს, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო ეს გზავნილი. ვფიქრობთ, დადგა დრო, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.
პროცესი არის ურთულესი. გვესმის, რომ რუსეთის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, პირველ ყოვლისა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის ურთიერთობების გაღრმავება და შერიგების პოლიტიკის დაწყება ჩვენს ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან. ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს და თუ პროცესი სწორად წარიმართება, აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც უკვე 30 წელია ყველა ჩვენგანის სატკივარია და უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს სიტყვები არ არის მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაჟღერებული, ეს სიტყვები დაკავშირებულია კონკრეტულ აქტივობებთან, რომელიც გულისხმობს ურთიერთშერიგებისა და ერთად ფიქრისა თუ როგორ შეიძლება ერთიან სახელმწიფოში ვიცხოვროთ და ერთიანი სახელმწიფო ვაშენოთ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.