19 სექტემბერი 2024,   18:01
ვრცლად
შავი სამშაბათი ტერორისტებისთვის - ბეირუთსა და დამასკოში დღისით ერთდროულად "ჰეზბოლას" ტერორისტული ქსელის 3 000 წევრი აფეთქდა

"პეიჯერების" აფეთქების შედეგად, ლიბანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰესბოლას" ათასობით წევრმა სხეულის დაზიანება მიიღო, ორასზე მეტის მდგომარეობა მძიმეა, არიან დაღუპულები.

ბეირუთის სისხლის ბანკში დეფიციტია. საავადმყოფოები მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.

აფეთქებების შესახებ პირველი ცნობები ბეირუთის დაჰიას კვარტლიდან გავრცელდა, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია "ჰესბოლას" შტაბ-ბინაა განთავსებული. ტერიტორიაზე ორგანიზაციის წევრები და მებრძოლები ცხოვრობენ.

მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც "ჰესბოლას" ხელმძღვანელობამ საკუთარი წევრებისთვის მობილური კავშირის გამოყენება აკრძალა და პორტატიულ მოწყობილობებზე გადავიდა, "მოსადმა" ტაივანში წარმოებული პეიჯერების მსხვილ პარტიებში, კერძოდ 5000-მდე მოწყობილობაში ასაფეთქებელი ნივთიერების ჩამონტაჟება შეძლო. "მოსადის" ამ დისტანციური ოპერაციით, შესაძლებელი გახდა ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაცია.

ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰესბოლამ", მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და თელ-ავივს შურისძიებით დაემუქრა. ისრაელის მხარეს ოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ოპერაციის შესახებ ინფორმაცია არც პენტაგონს ჰქონდა, თუმცა შეერთებული შტატები ტერორისტების წინააღმდეგ ამგვარ ოპერაციებს მხარს უჭერს.

ბეირუთში აფეთქებებს წინ უძღოდა ისრაელის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიბანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირების ფანჯარა დაიხურა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან ამას ხოხშტეინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სიტუაციის დარეგულირებისთვის, ლიბანის სამხრეთ ნაწილში ბუფერული ზონის შექმნას აპირებს.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები