უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი თანაგუნდელის სკანდალური აღიარება. ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიისა და უკრაინის რადას ყოფილი წევრის განცხადებით, რომ არა სააკაშვილის შემდეგ მოსული "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა, საქართველო ახლა საშინელ, სისხლიან ომში იქნებოდა ჩაბმული, რომელიც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა.
განცხადების ავტორი, "ხალხის მსახურის" ყოფილი წევრი, არტიომ დმიტრიუკია, იმ სახელისუფლებო პარტიის, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას სთხოვდა. დმიტრიუკი საკუთარ youtube არხზე გაკეთებულ განცხადებაში იმასაც ამბობს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის, საუბრობს სააკაშვილის გუნდზეც და მათ "საცოდავ რეფორმატორებს" უწოდებს.
"არჩევნები საქართველოში - ეს არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის. ქართველ ხალხს აქვს მნიშვნელოვანი არჩევანი გასაკეთებელი - როგორ იცხოვრებს შემდეგ - მშვიდობით თუ ახალ სისხლიან საშინელ ომში. ქართველ ხალხს ბევრი რამის გადალახვა მოუხდა, ვინც ხელისუფლებაში სააკაშვილის შემდეგ მოვიდა, მათ ურთულესი ამოცანების ამოხსნა მოუწია, ერთ-ერთი კი სტაბილური მშვიდობის დაბრუნება და ახალი ომის თავიდან არიდებაა. მათ კარდინალურად გადახედეს საგარეო პოლიტიკურ კურსს და ვალი მოიხადეს, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა. მაგრამ, შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო? - უდავოდ. მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ იხსნა საქართველო საშიში ავანტიურებისგან, რომელსაც შეეძლო ქვეყნისთვის მოეტანა ასობით ათასიანი მსხვერპლი. საერთოდ, ძალიან ცოტა პოლიტიკოსი ფიქრობს მოსახლეობის ცხოვრებაზე და თავად ქვეყანაზე. საქართველომ საკუთარი ისტორიის მანძილზე ბევრი ითმინა და ახლა მას შეუძლია იქცეს თავისუფლების, მშვიდობის, სტაბილურობისა და აყვავების კუნძულად, მსოფლიოს გამანადგურებელი ტენდენციების მიუხედავად. დღეს, საქართველო ძალიან სწორ პოლიტიკურ ურთიერთობებს აყალიბებს მეზობლებთან. ატარებს თავშეკავებულ და ზომიერ საგარეო პოლიტიკას, რომელმაც უეჭველად მოიტანა თავისი შედეგი", - განაცხადა არტიომ დმიტრიუკმა.
არტიომ დმიტრიუკი ზელენსკის გუნდისთვის მიუღებელი ომამდე რამდენიმე თვით ადრე გახდა, ის ჯერ პარტიიდან გააგდეს, ქვეყნის დატოვების შემდეგ კი, მასზე ძებნა გამოაცხადეს.