"მიზანი, საელჩო იქნება ეს თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, არის ერთი, რომ დაარტყან იდენტობას, რასაც ტრადიციები ჰქვია" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ეს რეაქცია, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას მოჰყვა. საუბარია ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით მიიღო. ყველა ორგანიზაციას და პოლიტიკურ ფიგურას, ვინც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგება, უმრავლესობა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის გაუქმებას ითხოვს ჟოზეფ ბორელი. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს ხედავს ბრიტანეთის საელჩო და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ კანონის მიღება უნდა შეჩერდეს. კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს საქართველოს გერმანიის საგარეო უწყება. Freedom House კი ამბობს, რომ ამ საკანონმდებლო პაკეტით ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს სრულად იზიარებს ოპოზიცია და ამბობენ, რომ კანონი უნდა გაუქმდეს.
"საკითხი დახურულია, კანონი არ გადაიხედება" - ასე პასუხობს სახელისუფლებო გუნდი პარტნიორების კრიტიკას, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარი და უარგუმენტოა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია, მიღებული კანონი კი ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას იცავს.
"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკანონმდებლო პაკეტი უმრავლესობამ 84 ხმით, ერთხმად მიიღო. პაკეტი სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს, ზღუდავს ლგბტ პროპაგანდას და იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.